სინოდის წევრი, ეპისკოპოსი, მეუფე იობი, სამწუხაროდ, თავდასხმების ობიექტი გახდა. ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს ვცემთ და არ ვყოფთ ეპისკოპოსებს იმის მიხედვით, ვის რა შეხედულება აქვს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, სოფიო ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა
მან „ქართული ოცნების“ წევრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ეპისკოპოსების პატივისცემისაკენ მოუწოდა.
„აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ ამაზრზენ კამპანიას, რომელიც აგორებულია ქართველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ. ქალბატონმა მარიამმა [ლაშხმა], ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ქართველ ეპისკოპოსებზე გადავიდა. სინოდის წევრი, ეპისკოპოსი, მეუფე იობი, სამწუხაროდ, თავდასხმების ობიექტი გახდა. ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს ვცემთ და არ ვყოფთ ეპისკოპოსებს იმის მიხედვით, ვის რა შეხედულება აქვს. თქვენც მოგიწოდებთ ასევე, პატივი ეცით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ეპისკოპოსებს, სინოდის წევრებს და თავი შეიკავეთ შეფასებებისგან. ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?!,“ - განაცხადა ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული ცვლილების განხილვა მიმდინარეობდა.
ხორგუანის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა:
„ქალბატონო სოფიო, „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონის დროს, თქვენ რომ საქართველოს ეკლესიაზე საუბრობთ, მე მგონი, ცოტა უნდა დაფიქრდეთ ფორმატზე, სად ხართ. უნდა მიხვდეთ უბრალოდ, რა თემასთან დაკავშირებით რა თემაზე საუბრობთ. სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ კანონთან დაკავშირებით ეკლესიის თემა უნდა შემოიტანოთ?! ხომ უნდა შეგრცხვეთ ცოტათი ახლა, რა. თუ რაიმე სათქმელი გაქვთ, გახვალთ გარეთ და შეგიძლიათ ჟურნალისტებთან თქვათ. ცოტა თემასაც ხომ უნდა დაუკვირდეთ?! სავაჭრო სამრეწველო პალატასთან დაკავშირებით საკითხზე კითხვის დროს იყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკლესიაზე ილაპარაკოთ? რა თემასთან დაკავშირებით რა თემა შემოგაქვთ საერთოდ?! როგორც მივხვდი კითხვა არ გაქვთ, განცხადებისთვის გნდომებიათ [დროის გამოყენება]. ამას ჰქვია სპეკულაცია და თანაც უღირსი სპეკულაცია,“ - მიმართა პაპუაშვილმა ხორგუანს.
ცნობისათვის "ქართული ოცნების" დეპუტატმა მეიფე იობის ქადაგებასთან დაკავშირებით "ტვ პირველის" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა: "ღმერთმა შეუნდოს".
შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ურწმუნოა.და მან „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.