აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, 12 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან. ამის შემდეგ ისინი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას.
ამის შესახებ კუშნერმა აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კუშნერის განცხადებით, მოსკოვში პუტინთან შეხვედრაზე აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს განიხილავენ და შეთანხმების მიღწევის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმას შეეცდებიან.
„გარკვეულ პერსპექტივებსა და წინსვლის შესაძლებლობებს ვხედავთ“, - განაცხადა კუშნერმა.
მისი თქმით, დუბლინში ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის შედეგებს გააცნობენ და სამშვიდობო წინადადებებს წარუდგენენ, რომლებიც აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს შემუშავდა.
შეგახსენებთ, რომ აბუ დაბიში მოლაპარაკებების ორდღიანი რაუნდი 11 ნოემბერს დასრულდა. შეხვედრებში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. გაცვლის ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით უნდა დაზუსტდეს.