თერჯოლაში 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე სამი პოლიციელის დაკავების შემდეგ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თამაზ დათუნაშვილმა ისაუბრა.
"გვსურს გამოვეხმაუროთ თერჯოლაში 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე სამი პოლიციელის დაკავების ფაქტს.
საქმე, რომელიც სამი წლის განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული და არავითარ ყურადღებას არ იპყრობდა სამართალდამცავების მხრიდან, მხოლოდ მას შემდეგ გახდა აქტუალური და მოითხოვა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაც ამ საკითხით დაინტერესდა ნოდარ მელაძის "შაბათი" და ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა ამ საკითხთან დაკავშირებით.
ეს შემთხვევა აღარ არის მხოლოდ კონკრეტული პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული. ეს არის განაჩენი მთელი სისტემისა, იმ კრიმინალური სისტემის, რომელიც სამართალდამცავის ფორმაში ჩაცმულ მოძალადეებს იცავს და იმ დანაშაულს, რომელსაც ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ ჩადიან, ხელს აფარებს სისტემურად და ხელს აფარებს მეთოდურად. ეს არის ერთგვარი ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების ლოგიკა და შინაარსი დღეს სამართალდამცავ სტრუქტურებში.
სტიქაროსნის მკვლელობის საქმე არ არის ერთეული შემთხვევა. მინდა გაგახსენოთ უახლოესი წარსულიდან გიგა ავალიანის საქმე. რომ არა ოჯახის წევრების და საზოგადოების ძალიან მძიმე და აქტიური წნეხი სამართალდამცავ ორგანოებზე, ეს საქმეც მიდიოდა ჩაფარცხვის გზით იმიტომ, რომ იქ იყო ძალოვანი სტრუქტურების ინტერესი, ხელი დაეფარებინათ გარკვეული პიროვნებებისთვის. გიგა ავალიანის შემთხვევა იქნება ეს თუ სტიქაროსნის საქმე, სადაც ჟურნალისტური გამოძიება გახდა საჭირო, ზოგადად ეს მიდგომა, რომ თუ არ არის საზოგადოებრივი წნეხი, თუ არ არის ოჯახის გმირული აქტივობა, თუ არ არის ჟურნალისტური გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეები თაროზე დევს. ეს მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ მთელი ძალოვანი სისტემა ჩამომპალია და არ ემსახურება იმ მისიას, რისთვისაც ის არის შექმნილი და რისთვისაც საქართველოს გადასახადის გადამხდელები ამ ადამიანებს ხელფასს უხდიან, ანუ დაიცვან საქართველოს მოქალაქეები კრიმინალისგან, ბოროტმოქმედებისგან. ეს სტრუქტურა გადაიქცა ორგანოდ, რომელიც თავად ჩადის ბოროტმოქმედებას და შემდეგ ამ ბოროტმოქმედი სისტემის საშუალებით ხელს აფარებს ასეთ ადამიანებს.
ჩვენი მკაფიოდ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ უნდა დადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არამხოლოდ ამ კონკრეტული მაღალჩინოსნების, არამედ ყველა იმ მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც იყვნენ აქტიურად ჩართულნი ამ სამი წლის განმავლობაში ერთი, დანაშაულის ჩაფარცხვაში და მეორე, ამ საქმის გვერდზე გაწევაში.
ამის გარდა, ცალსახად უნდა დადგეს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმიტომ, რომ ეს პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გატყდეს, რომ არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ ხოლმე პოლიტიკურ ხელმძღვანელებს იმ დანაშაულებსა და გადაცდომებზე, რომლებიც ამდენი წელი იწელება და არ მჟღავნდება. ამიტომ, დადგეს პირადად მაშინდელი შსს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი!
აგრეთვე, მოქმედმა შსს მინისტრმა დეტალური ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას იმის შესახებ, თუ რატომ იყო უმოქმედო გენერალური ინსპექცია, რატომ იყო უმოქმედო ყველა ის მექანიზმი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს და რომელიც უნდა ჩართულიყო იმისათვის, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი ეს დანაშაული მყისიერად ყოფილიყო გამოძიებული - რა მოხდა და რამ გამოიწვია ის, რომ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებამდე ეს ინფორმაცია შსს-ის შიგნით არ ცირკულირებდა.
პოლიციელების მიერ მოკლული სტიქაროსნის ოჯახი და მთელი ქართული საზოგადოება იმსახურებს სრულ სიმართლეს და არა იმ ფრაგმენტულ მონათხრობს, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ. იმსახურებს სრულ სიმართლეს ამ კონკრეტული საკითხის შესახებ იმისათვის, რომ მომავალში აღმოიფხვრას მსგავსი, სახელმწიფოსთვის საშიში დანაშაულები, რომელიც ალპობს და ხრწნის სისტემას, რომლის სამსახურიც ადამიანების, ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა" - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.