აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის მცდელობას გამოეხმაურა. მისი თქმით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები „კვლავ იყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს იარაღად და ბოროტად სარგებლობენ ამით“, რის გამოც მათ „შეჩერებისკენ“ მოუწოდა.
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„დემოკრატების მცდელობა, თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთისთვის იმპიჩმენტი გამოეცხადებინათ, სამარცხვინო მარცხით დასრულდა! თომას მასის გარდა, რომელიც დიდი ხელმოცარულია, ყველა რესპუბლიკელმა პიტს დაუჭირა მხარი.
კვლავაც, ვენესუელასა და ირანში გამარჯვებებმა, სამხედრო სამსახურში გაწევრიანების რეკორდულმა მაჩვენებლებმა (ჩარიცხვის მსურველთა გრძელი რიგები!) და არნახულმა საბრძოლო სულისკვეთებამ დიდი ამერიკელი პატრიოტის სრული გამართლება განაპირობა.
დემოკრატები კვლავ იყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს იარაღად და ბოროტად სარგებლობენ ამით. ისინი უნდა შევაჩეროთ!
გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული!“ - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჩააგდო თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობა, რომელიც ირანში, იემენში, ვენესუელასა და კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს უკავშირდებოდა.