აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა. იმპიჩმენტის ინიციატივა ირანში, იემენში, ვენესუელასა და კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს უკავშირდებოდა.
ამის შესახებ CNN იუწყება.
იმპიჩმენტის მცდელობის ჩასაშლელად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტიის ლიდერები გააქტიურდნენ.
რეზოლუცია 211 ხმით 204-ის წინააღმდეგ ჩავარდა.
CNN-ის შეფასებით, ეს გასულ კვირას შუალედურ არჩევნებში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ დასუსტებული და დაყოფილი რესპუბლიკური პარტიის მოულოდნელი ერთიანობის დემონსტრირება იყო. ამასთან, ამით თავიდან იქნა აცილებული პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის დამამცირებელი კენჭისყრა.
CNN-ის რამდენიმე წყაროს ცნობით, რესპუბლიკელი ლიდერები თეთრი სახლის წარმომადგენლებთან ერთად კულისებში ინტენსიურად მუშაობდნენ, რათა ტრამპის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელი კონგრესმენის, თომას მასის მიერ ინიცირებული იმპიჩმენტის პროცესი ჩაეშალათ.
მათ რესპუბლიკელების საკმარისი რაოდენობა დაარწმუნეს, რომ არჩევნებში მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღოთ და მხარი დაეჭირათ იმპიჩმენტის საკითხის კომიტეტისთვის გადაცემისა და წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის შეწყვეტისთვის.
შეგახსენებთ, მასიმ იმპიჩმენტის რვა მუხლი წარადგინა. ის ჰეგსეთს კონგრესის ნებართვის გარეშე ომის უკანონოდ წარმოებასა და პენტაგონის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა.
ორშაბათს, 9 ნოემბერს, ჰეგსეთმა განაცხადა, რომ მისი იმპიჩმენტის ინიციატივასთან დაკავშირებული რისკები მცირეა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შემთხვევაში პიტ ჰეგსეთს მხარს დაუჭერდა.