უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების პრემიერ-მინისტრებთან დიპლომატიური პროცესი და რუსეთის მხრიდან ესკალაციის ფონზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილა.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კოპენჰაგენში ზელენსკი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს, ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კრისტრუნ ფროსტადოუტირს, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს, ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა დეტალურად განიხილეს დიპლომატიური საკითხები და შემდგომი ნაბიჯების მომზადება. ზელენსკიმ შეხვედრის მონაწილეებს აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით: „საერთო პოზიცია ნათელია: ევროპა აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკებების მაგიდასთან“.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან ესკალაციასა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებზე.
„ასობით ათასი ოჯახი ყოველდღიურად ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ამჟამად ყველაზე რთული ვითარებაა კიევის, დნიპროპეტროვსკისა და ჩერნიჰივის ოლქებში. რუსეთის დაბომბვების გამო ელექტროენერგიის მიწოდება მუდმივად ფერხდება დონეცკის, სუმის, ხარკივისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც. მადლობელი ვარ დახმარებისთვის მზადყოფნისთვის. დიდ იმედს ვამყარებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას დაეხმარება, ამ ზამთარს რუსეთის ამგვარ ტერორს გაუძლოს“, - განაცხადა ზლენსკიმ.