აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრას გამართავენ.
ამის შესახებ კუშნერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. .
კუშნერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი „მტკიცედ არის განწყობილი, ბოლო მოუღოს ამ საზარელ ომს, რომელმაც ადამიანების უზარმაზარი დანაკარგი, ნგრევა და ტანჯვა გამოიწვია“.
ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, აბუ-დაბიში უკრაინასა და რუსეთთან ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე ის და უიტკოფი უკრაინის, ევროკავშირის, ნატო-ს, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა კონსულტაციები და კოორდინაცია გააგრძელონ.
„ეს პირველი სამმხრივი მოლაპარაკებები იქნება თებერვლის შემდეგ. ორივე მხარესთან ცალკეული კონსულტაციების საფუძველზე, ჩვენი მიზანია, უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს პირისპირ დასხდნენ, რათა მათ ომის შემდგომი უსაფრთხოების საკითხებზე არსებული შეშფოთება, წინადადებები და შესაძლო გადაწყვეტილებები განიხილონ.
ვიმედოვნებთ, რომ ეს დისკუსიები საერთო ინტერესების სფეროების გამოვლენაში, პრაქტიკული გადაწყვეტილებების წინ წაწევასა და მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის საჭირო იმპულსის შექმნაში დაგვეხმარება“, – განაცხადა კუშნერმა.
კუშნერის განცხადებით, მუშაობის ოთხი ძირითადი მიმართულებაა:
საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა;
ომის შემდგომი უსაფრთხოების მყარი გარანტიებისა და ისეთი შეთანხმებების შემუშავება, რომლებიც ომის განახლების რისკს შეამცირებს;
უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ყოვლისმომცველი გეგმის მომზადება;
ჰუმანიტარული ღონისძიებების განხორციელება, რათა შემსუბუქდეს ადამიანების ტანჯვა და დაიძლიოს ომის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები.
„უკრაინასთან, ევროკავშირსა და სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა დავაკმაყოფილოთ უკრაინის ომისშემდგომი მნიშვნელოვანი ფინანსური და აღდგენითი საჭიროებები, მხარი დავუჭიროთ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები და შევქმნათ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და თვითკმარობის პირობები“, - აღნიშნა კუშნერმა.