მოლდოვამ შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში 2027 წელს მონტენეგროს ამჟამინდელ დონეს მიაღწიოს, თუ რეფორმებს იმავე ტემპით გააგრძელებს. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა კიშინიოვში გამოსვლისას განაცხადა.
კოსის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიში ადასტურებს, რომ მოლდოვამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მიუხედავად „უპრეცედენტო საგარეო ზეწოლისა“.
ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭო მოლდოვასთან მოლაპარაკებების დარჩენილი ორი კლასტერის გახსნას დაამტკიცებს.
„2026 წელი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ კიდევ რამდენიმე დადებით სიახლეს ველოდებით. იმედი გვაქვს, ევროკავშირის საბჭო დარჩენილი ორი კლასტერის გახსნას მწვანე შუქს აუნთებს“, - განაცხადა კოსმა.
მისივე თქმით, ევროკომისია მოლდოვის მიერ IBAR-ის (ფუნდამენტური რეფორმების შესრულების კრიტერიუმების) შეფასებას ასრულებს და მოსალოდნელია, რომ დასკვნა დადებითი იქნება.
„IBAR-ის დადებითი შეფასება მოლაპარაკებების ცალკეული თავების დახურვის გზას გახსნის. ეს გაწევრიანების მოლაპარაკებებში გარდამტეხი მომენტი იქნება. სწორედ ამიტომ, 2027 წელი შედეგების მიღწევისთვის გადამწყვეტი იქნება“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
კოსის განცხადებით, თუ მოლდოვა რეფორმებს ამჟამინდელი ტემპით გააგრძელებს, 2027 წელს გაწევრიანების მოლაპარაკებების 25 თავის დახურვას შეძლებს.
„განვმარტავ, რას ნიშნავს ეს. მოლდოვა იმ დონეს მიაღწევს, რომელზეც დღეს მონტენეგრო იმყოფება. მონტენეგრო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას უახლოვდება. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკვე ამზადებენ მის გაწევრიანების ხელშეკრულებას. ეს ნიშნავს, რომ თუ იმავე შედეგებს მიაღწევთ, მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდებით“, - განაცხადა კოსმა.
ევროკომისარმა დასძინა, რომ თუ მოლდოვა რეფორმების ამჟამინდელ ტემპს შეინარჩუნებს, ქვეყანას რეალური შესაძლებლობა ექნება, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლის დასაწყისში დაასრულოს.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს ევროკავშირმა მონტენეგროსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში კიდევ ორი თავი წინასწარ დახურა. შედეგად, მონტენეგროს მოლაპარაკებების 33 თავიდან 23 უკვე დახურული აქვს.