რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გეოგრაფიული თვალსაზრისით უკრაინა უკვე სხვა ქვეყანაა.
ის გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა, სავარაუდოდ, "დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა ოდნავ განსხვავებული ფორმით"
„რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიას, გეოგრაფიული თვალსაზრისით ეს უკვე სხვა ქვეყანაა. ადგილზე არსებული რეალობა აშკარაა და ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ მისი უარყოფა შეძლოს“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი განცხადება, სავარაუდოდ, ომის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება.
მანამდე დონალდ ტრამპმა CBS-ის გადაცემა „60 წუთში" განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა, სავარაუდოდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმის“ იქნება. მისი ეს განცხადება შესაძლოა უკრაინის ტერიტორიულ საზღვრებში შესაძლო ცვლილებაზე მიანიშნებდეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სექტემბერში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 890 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, უკრაინამ კი 800 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა. მისივე ინფორმაციით, ამ პერიოდში რუსეთის დანაკარგებმა 270 ათასი სამხედრო შეადგინა.