ახლო აღმოსავლეთში განლაგებული აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების მიღებიდან 96 საათის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ ახალი, შესაძლოა, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყონ.
ამის შესახებ CNN-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადეს.
წყაროების ცნობით, რეგიონში ამჟამად საკმარისი სამხედრო ძალებია განლაგებული შესაძლო თავდასხმების განსახორციელებლად.
მათი შეფასებით, აშშ-ის ახალი სამხედრო ოპერაციის მასშტაბი, სავარაუდოდ, გასცდება პერიოდულ დარტყმებსა და არსებული ვითარების შენარჩუნების მცდელობას. საუბარია არა მხოლოდ რადარების, სარაკეტო გამშვები დანადგარებისა და ირანის სხვა ისეთი ობიექტების განადგურებაზე, რომელთა აღდგენაც ქვეყანას სწრაფად შეუძლია, არამედ გაცილებით მასშტაბურ სამხედრო მოქმედებებზე.
„ეს მასშტაბური ოპერაცია იქნება“, - განუცხადა CNN-ს ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
ამ მოსაზრებას იზიარებენ სხვა მოქმედი და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნებიც, რომლებიც სამხედრო ოპერაციის დაგეგმვის შესახებ შიდა განხილვებს იცნობენ. ზოგიერთი მათგანის შეფასებით, მთავარი საკითხი ის კი არ არის, გასცემს თუ არა ტრამპი ოპერაციის დაწყების ბრძანებას, არამედ ის, თუ როდის გააკეთებს ამას.
მათი ვარაუდით, ოპერაცია წლის ბოლომდე ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს, თუმცა ყველაზე მოსალოდნელ პერიოდად აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგი დრო სახელდება. არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.
ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირები შესაძლო ოპერაციასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და საფრთხეებზეც საუბრობენ. მათი თქმით, ირანის სამხედრო ძალები ახლა უკეთ იცნობენ აშშ-ის ტაქტიკას, რაც ამერიკელ სამხედროებს პოტენციური სამიზნეების ეფექტიანად განადგურებას გაურთულებს.
წყაროების განცხადებით, ტრამპს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუ როგორ იმოქმედებს შუალედური არჩევნების შემდეგ, თუმცა, როგორც ჩანს, ის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანების გაცემისკენ იხრება. ოფიციალური პირები იმასაც აღნიშნავენ, რომ წარსულში ტრამპი ზოგჯერ გარკვეული მოქმედებების განხორციელებას ემხრობოდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაწყვეტილებას ცვლიდა.
კიდევ ორი წყაროს ცნობით, აშშ-ის დაზვერვის უახლესი შეფასებები მიუთითებს, რომ ირანი და ჰუსიტი ამბოხებულები აშშ-ის და, შესაძლოა, ისრაელის მხრიდან ახალი თავდასხმების შესაძლებლობას სერიოზულად აღიქვამენ.
თუ აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ ახალ სამხედრო ოპერაციას დაიწყებენ, თეირანმა და ჰუსიტებმა, სავარაუდოდ, დაუყოვნებლივ შეიძლება საპასუხო დარტყმები მიიტანონ რეგიონში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო კონტინგენტზე და, შესაძლოა, მის ფარგლებს გარეთაც.
მანამდე The New York Times წერდა, რომ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო უწყებებმა ირანზე დარტყმების განახლების კონკრეტული გეგმები შეიმუშავეს. გამოცემის ცნობით, ოპერაციის განახლება აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ განიხილება.