პარასკევს საღამოს პრაღის პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის შენობასთან შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.
ინფორმაციას გამოცემა Novinky ავრცელებს.
პარასკევს ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატაში საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების წესის შეცვლის საკითხს განიხილავდნენ.
„რამდენიმე ათეული ადამიანი დეპუტატთა პალატის შენობაში ძალით შეჭრას ცდილობდა, თუმცა პოლიციის სპეციალური დანიშნულების დანაყოფის თანამშრომლებს მათი შეჩერება მოუწიათ. არავინ დაუკავებიათ და ვითარების განმუხტვა მოხერხდა“, - განაცხადა პოლიციის პრესსპიკერმა ევა კროპაჩოვამ.
პარასკევს, შუადღის შემდეგ, დეპუტატთა პალატის შენობასთან, მალოსტანსკეს მოედანზე, საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ცვლილების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო. მასში ასობით ადამიანი მონაწილეობდა.
მომიტინგეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: „ეს უკვე მეტისმეტია“, ასევე კულტურის მინისტრ ოტო კლემპირჟს მიმართავდნენ: „ოტო, წადი!“, „ჩვენი გადასახადებით გიხდით ხელფასს“.
სწორედ კლემპირჟმა მოამზადა ინიციატივა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის სალიცენზიო მოსაკრებლის გაუქმებას ითვალისწინებს. ამ საკითხზე მმართველი კოალიცია შეთანხმდა.
ჩეხეთის ტელევიზიის ცნობით, რამდენიმე დემონსტრანტს კონფლიქტი მოუვიდა დეპუტატ იაროსლავ ფოლდინასთანაც, რომელიც შენობის წინ გამოვიდა.
ოპოზიცია და აქციის მონაწილეები არა მხოლოდ მოსაკრებლის გაუქმების გეგმას აკრიტიკებენ, არამედ ეჭვობენ, რომ მმართველი პარტიები მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას ცდილობენ.
24 ოქტომბერს, დილის 4:36 საათზე, ღამის დაძაბული სხდომის შემდეგ, დეპუტატთა პალატამ მეორე მოსმენაზე გადაგზავნა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლების - „ჩეხეთის ტელევიზიისა“ და „ჩეხეთის რადიოსთვის“ სალიცენზიო მოსაკრებლის გაუქმებას და მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ითვალისწინებს. ორივე მაუწყებელი სალიცენზიო მოსაკრებლიდან უფრო მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე მათთვის ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული.
ოპოზიციამ ვერ შეძლო კანონპროექტის ჩაგდება ან მთავრობისთვის გადამუშავების მიზნით დაბრუნება. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საკანონმდებლო პროცესის მომდევნო ეტაპებზე ინიციატივის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ.
ორივე მაუწყებლის თანამშრომლებმა საყოველთაო გაფიცვა 3 ნოემბრისთვის, სამშაბათისთვის, დააანონსეს. მათი განცხადებით, „ჩეხეთის ტელევიზიისა“ და „ჩეხეთის რადიოს“ დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტზე გადატანის გეგმა საფრთხეს უქმნის ორივე მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და ფინანსურ სტაბილურობას და, ამასთან, უარყოფითად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ცვლილების წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო. აქციებს რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ.