შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად კომორის კუნძულების დროშით მცურავი სატვირთო გემი ჩაიძირა. დაიღუპა სულ მცირე ერთი მეზღვაური, სამი კი დაკარგულად მიიჩნევა.
ინფორმაციას Reuters რუმინეთის საზღვაო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გემზე 13 უკრაინელი და აზერბაიჯანელი მეზღვაური იმყოფებოდა. რუმინეთის საზღვაო უწყების ცნობით, გემმა განგაშის სიგნალი კონსტანცის პორტიდან დაახლოებით 13 საზღვაო მილის დაშორებით, რუმინეთის ტერიტორიული წყლების მიღმა გადასცა. მაშველებმა ცხრა მეზღვაური გადაარჩინეს, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, სამის ძებნა კი გრძელდება.
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფარგლებში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდასხმების ესკალაციის ნაწილია.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან, შავ ზღვაში, სულ მცირე შვიდ კომერციულ გემს დაესხნენ თავს. ინციდენტების შედეგად მეზღვაურები დაიღუპნენ ან დაკარგულად მიიჩნევიან. თავდასხმებმა შავ ზღვაში კომერციული ნაოსნობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება გააძლიერა.