რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით ჩართული იყო საჯარო ცხოვრებაში. ვის/რომელ პოლიტიკურ ჯგუფებს ტოვებს ივანიშვილის ოჯახური კლანი პოლიტიკურ ველზე, შეგიძლიათ თავად გამოთვალოთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.
„მცდარი შეფასებები და მცდარი მოლოდინები სახიფათოა. „პარტიების აკრძალვა” - მცდარი შეფასებაა, რომელიც მცდარ მოლოდინებს აჩენს. თუ ერთობლიობაში შეხედავთ საკონსტიტუციოში გაგზავნილ სარჩელს, პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებსა და გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს. შედეგი იქნება შემდეგი:
2024 წლის „არჩევნებში” მონაწილე (გამარჯვებული) ოთხივე კოალიციის/პარტიის ლიდერებიდან ყველა იქნება ციხეში ან საზღვარგარეთ;
იგივე ოთხი კოალიციის/პარტიის სიებში მყოფებს, ყველას, 600 ადამიანს, დე-ფაქტო აკრძალული ექნებათ პოლიტიკური საქმიანობა + „ფედერალისტებსაც“;
უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში სამოქალაქო სექტორში მომუშავეთ, ყველას, ვისაც ერთხელ მაინც მიუღია უცხოური ორგანიზაციისგან გრანტი/ხელფასი, ასევე, დე-ფაქტო აკრძალული ექნებათ პოლიტიკური საქმიანობა (არ ვიცი რამდენი ათასეული თუ ათეულ ათასეულია ამ ჯგუფში);
თუ ვინმე ეცდება გააკეთოს ახალი პარტია, სადაც თუნდაც ერთი ადამიანი მოხვდება იმ 600-იდან ან ამ ათასეულებიდან (თუ ათობით ათასეულებიდან), ეგ პარტიაც აიკრძალება;
ზოგადად, თუ რეალური საფრთხე გახდი ივანიშვილის ოჯახური კლანისთვის - აიკრძალები და/ან გისოსებს მიღმა აღმოჩნდები;
ეს ყველაფერი ასე ექსპლიციტურად არ წერია; ვიღაცებზე, ვინც თავს დაუხრის და/ან დემოკრატიის სურათის დახატვაში დაეხმარება, შეიძლება გამონაკლისებიც დაუშვას, მაგრამ ერთობლიობაში ამ სურათისკენ მიდის ივანიშვილი/მიდიან რუსები.
ასე რომ, რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით ჩართული იყო საჯარო ცხოვრებაში.
ამ სურათის დანახვა მნიშვნელოვანია.
ვის/რომელ პოლიტიკურ ჯგუფებს ტოვებს ივანიშვილის ოჯახური კლანი პოლიტიკურ ველზე, შეგიძლიათ თავად გამოთვალოთ.
თეთრ ცხენზე ამხედრებული მხსნელი, რომელსაც ექნება საკმარისი ქარიზმა, გამბედაობა, პოლიტიკური კაპიტალი და ხალხის ურყევი ნდობა და რომელიც განგმირავს გველეშაპს, საიდან უნდა გამოჩნდეს თუ ბოლო წლების განმავლობაში საჯარო ცხოვრებაში არაფრით დაინტერესებულა, არაფრით შეწუხებულა და არაფერი უკეთებია, მე არ ვიცი (მაგრამ შეგიძლიათ გააგრძელოთ ლოდინი, ვინც აქ იპოვეთ თავშესაფარი)
ამის შეჩერება და ბოროტი სისტემის ჩამოშლა შესაძლებელია
ამისთვის საჭიროა რომ:
სურათი სწორად დავინახოთ და მცდარი მოლოდინები არ გვქონდეს;
გოდებას შევეშვათ (ამაზე გაცილებით უარესები გადაუტანია ხალხს და ამათზე გაცილებით ძლიერები დაუმარცხებიათ);
გავაგრძელოთ ბრძოლა ყველგან, სადაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია.
25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თსუ-სთან”, - წერს ჯაფარიძე.