აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას დაზვერვის მონაცემების გაზიარების შეჩერებით დაემუქრა, თუ კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს არ შეწყვეტდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ეს ჩემს გენერლებს უთხრეს და არა მე, რომ ყველაფერი შეჩერდებოდა... ჩემმა გენერლებმა მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია სამხედრო დონეზე მიიღეს... მათ აცნობეს, რომ [დაზვერვის მონაცემების] გაზიარება შესაძლოა შეჩერებულიყო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მას პირადად ასეთი გაფრთხილება არ მიუღია, თუმცა ინფორმაცია უკრაინელ გენერლებს გადასცეს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, 9 ოქტომბერს, ფლორიდაში, უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, უკრაინას დაზვერვის მონაცემების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრნენ, რადგან კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტაზე უარს ამბობდა.
თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ თავად ტრამპმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ვაშინგტონს უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდება არ შეუჩერებია.