ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით შეგვიძლია მოვივყვანოთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება, ისინი საერთოდ გავიდნენ ამ ურთიერთობიდან და კომისიას უწოდებენ ფუჭი დროის კარგვას, რომელთა მიზანიც არ არის სამართლებრივი დასკვნის დაწერა, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეფასებებია წარმოდგენილი დასკვნაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის ახალ დასკვნაშიც არავითარი სამართლებრივი საკითხი არ არის წარმოდგენილი და ისევ პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველია.
„ამ დასკვნაში მითითებულია, რომ თურმე პარლამენტმა არ უზრუნველყო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, რაც არის ტყუილი, რადგან ყველა საკომიტეტო სხდომა არის ღია, ყველას აქვს შესაძლებლობა, მოვიდეს და დაესწროს საკომიტეტო სხდომის მიმდინარეობას. ამავდროულად, საუბარია, რომ კაპიტან გიგაურს, ლომჯარიას არ შევუთანხმეთ. ამ აბსურდამდეა მისული ვენეციის კომისია. შესაბამისად, ამ დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს. ის გამოყენებულია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ. პოლიტიკოსებისა და პოლიტიკანების მიერ. არავინ ეკითხება ვენეციის კომისიას, როგორი პოლიტიკური ლანდშაფტი ან გარემოა ქვეყანაში ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, მათი ფუნქციაა, რომ სამართლებრივად შეაფასონ კონკრეტული კანონი ან კანონთა პაკეტი, თუმცა ისინი პირდაპირ გადასულები არიან პოლიტიკურ შეფასებებში, რომლებიც თანხვედრაშია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ თითოეული წევრის მიერ გაჟღერებულ, მათ შორის უცხო ქვეყნის იურისდიქციას დაქვემდებარებულ, მაგალითად, კაპიტანი გიგაურის ე.წ. საერთაშორისო გაუმჭვირვალობის პარტიულ ორგანიზაციასთან. მათი დასკვნა არ არის სამართლებრივი შინაარსის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მექანიზმისთვის გამოსაყენებელი კარგი საშუალებაა მავანის თვალში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული საზოგადოებისთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ დასკვნებს, რაც სამწუხაროა მაშინ, როდესაც ვენეციის კომისია მაღალი რეპუტაციით გამოირჩეოდა წარსულში. ჩვენ არაერთხელ გვითანამშრომლია მათთან, მაგრამ ისინი საერთოდ გავიდნენ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, თავიანთი მანდატიდან და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტის სახეს იღებენ“, – განაცხადა გორდულაძემ.
ვენეციის კომისიამ „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ სხვა კანონებში, 2026 წლის მარტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონები არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს. კომისიის შეფასებით, ამის ნაცვლად, იგი საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან მიმართებით და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას.
.