უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა, რათა კრემლმა ომის გაგრძელების ნაცვლად დიპლომატიური გზა აირჩიოს.
სიბიჰას განცხადებით, რუსეთის მასშტაბური იერიში, რომლის დროსაც ასობით რაკეტა და დრონი გამოიყენეს, უკრაინის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის კიევში, დნიპროში, ზაპოროჟიეს, კრემენჩუკსა და პრილუკში საცხოვრებელ სახლებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. მისი თქმით, თავდასხმებს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა - ორი კიევში და ოთხი ქვეყნის სხვა რეგიონებში.
„პუტინის დაბადების დღეს რუსმა გენერლებმა მას საყვარელი საჩუქარი მიართვეს - სამხედრო დანაშაულები“, - წერს სიბიჰა სოციალურ ქსელ X-ზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა პუტინს არ ეუბნება, რომ ის ომს ვერ იგებს და ვერც მოიგებს. სიბიჰას თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრის შედეგად 1.6 მილიონი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, თუმცა, შეჭრის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.
"ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით განხორციელებულმა მასშტაბურმა იერიშმა კიევს, დნიპროს, ზაპოროჟიეს, კრემენჩუკსა და პრილუკის საცხოვრებელი სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა. დედაქალაქში სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ოთხი კი ქვეყნის მასშტაბით.
რუსი გენერლები პუტინს ვერ ეუბნებიან, რომ ის ამ ომს ვერ იგებს და ვერც ოდესმე მოიგებს.
მას 1.6 მილიონი სამხედრო ჰყავს დაკარგული - დაღუპულებისა და დაჭრილების სახით - ისე, რომ შეჭრის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. მისი ნელი წინსვლა შეჩერდა და უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორიის გათავისუფლება დაიწყო, ვიდრე პუტინი ოკუპაციას ახერხებს. მისი ეკონომიკა კლებულობს და მისი გავლენა მთელ მსოფლიოში სუსტდება. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ის ომის დასრულებაზე უარს ამბობს.
დიახ, უკრაინისთვისაც ძალიან რთულია. მაგრამ უკრაინელი ხალხი დანებებას არ აპირებს, რადგან საქმე უკრაინის, როგორც ერისა და სახელმწიფოს, გადარჩენას ეხება.
რუსეთის ტერორი უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.
ამ თავდასხმის შემდეგ ყველა პარტნიორს მოვუწოდებ, პუტინს ნამდვილი საჩუქრები გაუკეთონ, რომლებიც მას საბოლოოდ ომის ნაცვლად დიპლომატიის არჩევაში დაეხმარება.
კერძოდ, საჭიროა მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებისა და „რაზვეტის“ თანამგზავრული სისტემის მწარმოებელი ობიექტების წინააღმდეგ, ასევე უკრაინისთვის უფრო ძლიერი მხარდაჭერა, მათ შორის ყველა სახის საჰაერო თავდაცვის საშუალებებითა და ენერგეტიკის სფეროში დახმარებით ზამთრის წინ.
მაგრამ მისი საბოლოო საჩუქარი ჰააგის განსასჯელის სკამი იქნება.
ჩვენ აგრესიის დანაშაულისთვის უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის პრაქტიკულად ამოქმედებისთვის უკვე მომავალი წლისთვის ვემზადებით.
პუტინმა და მისმა თანამოაზრეებმა უნდა იცოდნენ, რომ პასუხისმგებლობა გარდაუვალია", - წერს სიბიჰა.