ევროკავშირი 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 6 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, მიუხედავად ევროპაში არსებული ენერგეტიკული კრიზისისა და ენერგორესურსებზე მაღალი ფასებისა, ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების გეგმას არ გადახედავს.
„ოთხი წლის წინ რუსეთი ჩვენს დაშანტაჟებას ცდილობდა. იმ დროს ჩვენი გაზის იმპორტის 45% რუსეთზე მოდიოდა. თითქმის ერთ ღამეში ამ იმპორტის უდიდესი ნაწილი შეწყდა. მაგრამ ევროპა გაერთიანდა და ამ ყველაფრის შემდეგ უფრო ძლიერი გამოვიდა“,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირება მოახდინა და მნიშვნელოვნად დააჩქარა ინვესტიციები სუფთა ენერგიაში.
„დღეს რუსული გაზის იმპორტის წილი 45%-დან 12%-მდე შემცირდა. მომავალ წლის ბოლომდე კი მას ნულამდე დავიყვანთ“,- აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირის მოქმედი რეგულაციის მიხედვით, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი 2026 წლის ბოლოსთვის სრულად უნდა შეწყდეს, ხოლო მილსადენებით რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვა 2027 წლის შემოდგომისთვის არის გათვალისწინებული.
ევროკავშირმა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთ მთავარ ენერგეტიკულ პრიორიტეტად აქცია.