საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერების მიზნით „ორმაგი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ მაკრონმა, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე,გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ უნდა დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა და სწორედ ამიტომ გვსურს, მხარი დავუჭიროთ ორმაგი მორატორიუმის ინიციატივას - მორატორიუმს ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ“, - განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, მორატორიუმი ორივე მხარემ უნდა დაიცვას.
„ჩვენ ასევე გვსურს მორატორიუმი შავ ზღვაში, რომელიც მარცვლეულის გადაზიდვების განბლოკვისა და სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას მოგვცემს - საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი განვითარებადი და განვითარებული ქვეყნისთვის“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის მოახლოების წინ.
„ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინელები და ეს უფრო მეტად უნდა გავაკეთოთ, ვიდრე ოდესმე, მოახლოებული ზამთრის წინ. უნდა დავიცვათ ისინი ენერგეტიკის კუთხით და დავიცვათ მათი მშციდობიანი მოსახლეობა“, - განაცხადა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მეტი ჩამჭრელი რაკეტის მიწოდებაა საჭირო, რათა ქვეყანამ რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის დაცვა შეძლოს.
მან ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს მუშაობას უკრაინასა და რუსეთს შორის რეალური მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად დასაწყებად.