აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღიაა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და მოლაპარაკებისთვის, თუმცა ამ დროისთვის ასეთი შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
„ჩვენ ამისთვის ღია ვართ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე არაფერი არის დაგეგმილი, თუმცა, რა თქმა უნდა, მზად ვართ მსგავსი შეხვედრისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას პოზიტიური შედეგის მოტანის და საბოლოო მიზნის მიღწევის პერსპექტივა აქვს“, - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, შესაძლო დიალოგის მთავარი მიზანი ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილება უნდა იყოს.
რუბიოს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ იორკში გაემგზავრა. Reuters-ის ცნობით, ირანის დელეგაცია ვაშინგტონთან დიპლომატიური დიალოგის აღდგენისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
ამასთან, ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ თეირანი მზად არის, აშშ-ის მიერ სამხედრო ზეწოლის შემცირებისა და ირანის პორტების ბლოკადის მოხსნის შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია შვიდ დღეში აღადგინოს.