„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ადამიანის იმიჯს კორუფციის ფაქტები აზიანებს და არა ვინმეს სურვილი, მისი რეპუტაცია შელახოს.
ქადაგიშვილის თქმით, ღარიბაშვილს არსებულ მდგომარეობაში „ნებისმიერი განცხადების გაკეთება შეუძლია“, თუმცა, მისი შეფასებით, „ფაქტები სხვა არის“.
"თუ არის კორუფცია, ეს კორუფცია ლახავს ამ იმიჯს და არა პარტია. ანუ კორუფცია ლახავს ადამიანის იმიჯს და არა ის, რომ ვიღაცას უნდა შენი იმიჯის შელახვა. არ იქნებოდა კორუფციული ფაქტები, არანაირი იმიჯის შელახვის მოცემულობა არ დადგებოდა.
ადამიანი როცა ასეთ მდგომარეობაშია, მას, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი განცხადების გაკეთება შეუძლია, მაგრამ ვიმეორებ - ფაქტები სხვა არის", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც "ქართულ ოცნებას" მიმართავს:
"თქვენი უგუნური პოლიტიკითა და ქმედებებით ქვეყანა შეიყვანეთ უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში, საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეთ, გაამწარეთ ადამიანები და ოჯახები, ხალხში გააჩინეთ უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში. თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ...ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“