ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების ახალი როტაცია ლიეტუვისკენ უკვე მიემართება და ამეროკელი ჯარისკაცები ქვეყანაში კვლავ დარჩებიან.
„შესანიშნავი ამბავი ლიეტუვისთვის - ამერიკელი ჯარისკაცები კვლავ იქნებიან ჩვენს ქვეყანაში. მადლობას ვუხდით პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და აშშ-ის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლიეტუვის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ნაუსედამ.
მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო ყოფნა ლიეტუვაში ქვეყნის შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„მოკავშირეების გადაწყვეტილება, იყვნენ ჩვენთან ერთად, მკაფიო გზავნილს აგზავნის - ნატო მზად არის დაიცვას თავისი ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი“, - აღნიშნა ნაუსედამ.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად რამდენი ამერიკელი სამხედრო ჩავა ლიეტუვაში, თუმცა მათი რაოდენობა წინა როტაციაზე ნაკლები არ იქნება.
ლიეტუვური მედიის ინფორმაციით, ახალი ამერიკული სამხედრო კონტინგენტი უკვე გზაშია და ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ჩავა. პრეზიდენტის მრჩევლის, დეივიდას მატულიონისის განცხადებით, სამხედროების ახალი როტაციის შესახებ ოფიციალური დადასტურება 22 სექტემბერს მიიღეს.
აშშ ამჟამად ევროპაში საკუთარი სამხედრო ძალების განლაგებას გადახედავს. ლიეტუვაში ამერიკელი სამხედროების ბატალიონების რეგულარული განთავსება 2019 წლიდან მიმდინარეობს, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-მა ლიეტუვაში ძალების უწყვეტი როტაცია დაიწყო.