აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული შეიარაღების შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზებას მოხმარდება. ამის შესახენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საუბარია უკრაინისთვის სამხედრო მიყიდვების პროგრამის (FMS) ფარგლებში საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზებისთვის საჭირო აღჭურვილობისა და მომსახურების მიწოდებაზე. პაკეტის სავარაუდო ღირებულება 2.68 მილიარდი დოლარია.
თუ შეთანხმება გაფორმდება, შესყიდვას უკრაინა ევროპული ქვეყნების მიერ გამოყოფილი თანხებითა და აშშ-ის უცხოური სამხედრო დაფინანსების პროგრამის (FMF) სახსრებით დააფინანსებს, რომლებიც ჯერ კიდევ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს გამოიყო.
FMF-ის ფარგლებში გამოყოფილი თანხები აშშ-ის მხრიდან ამერიკა-უკრაინის საინვესტიციო და აღდგენის ფონდში შენატანის სახით ჩაირიცხება 1:1 თანაფარდობით, დაბრუნების პირობით.
უკრაინამ მოითხოვა შემდეგი შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენა, რომელიც ძირითადი თავდაცვითი აღჭურვილობის კატეგორიას არ მიეკუთვნება:
S-300-ის ტიპის რაკეტები;
GAM-67-ის რაკეტები;
გაზრდილი მოქმედების რადიუსისა და ლაზერული დამიზნების მქონე საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები;
1.5 ტიპის სატრანსპორტო-გამშვები დანადგარები (Improvised Transporter Erector Launcher);
მობილური გამშვები სისტემების მოდიფიცირების კომპლექტები;
RPS-202 რადარები უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ საბრძოლველად და სხვა აღჭურვილობა.