აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა დანიასა და გრენლანდიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მუდმივ კონტროლს ითვალისწინებს.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა. მისი თქმით, შეთანხმება აშშ-ს გრენლანდიაში უსაფრთხოების დასაცავად საჭირო მოქმედებების მუდმივად განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
„ამიერიდან აშშ-ის ვერცერთი მოწინააღმდეგე გრენლანდიაში სამხედრო ბაზას ან სამხედრო წარმომადგენლობას ვერ განათავსებს და იქ „სენსიტიურ ინვესტიციებსაც“ ვერ განახორციელებს ჩვენი პირდაპირი წერილობითი ნებართვის გარეშე“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, აშშ ასევე დაუყოვნებლივ დაიწყებს გრენლანდიის შესაბამის ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი სამხედრო წარმომადგენლობის განთავსების პროცესს.
"ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ გრენლანდიის შესაბამის ნაწილში დიდი სამხედრო წარმომადგენლობის განვითარებისა და განთავსების პროცესს, გრენლანდიაში ასეთი ტერიტორიები ბევრია. მისი განვითარებისა და მშენებლობის საკითხებზე გრენლანდიის მოსახლეობასთან ერთად ვიმუშავებთ.
ეს გადაწყვეტა შესანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, დანიისთვის, გრენლანდიისთვის და ყველა ჩვენი მოკავშირისთვის.
მოუთმენლად ველით დანიისა და გრენლანდიის შესანიშნავ ხალხთან თანამშრომლობას დიდი და უაღრესად სტრატეგიული მნიშვნელობის ამ ტერიტორიის მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ მას დავიცავთ!
ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ოცნების ასრულებაა - ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ისტორიული და განსაკუთრებული მოვლენა", - წერს ტრამპი..
დანიისა და გრენლანდიის ხელისუფლებებმა დაადასტურეს, რომ აშშ-სთან შეთანხმება მომდევნო კვირაში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, უნდა გაფორმდეს. შეთანხმება დანიისა და გრენლანდიის პარლამენტების დამტკიცებასაც საჭიროებს. დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, შეთანხმება დანიის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას აღიარებს.