13 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიურ დოქტორს, ისტორიკოსს, ჟურნალისტს, სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, ომის ვეტერანს, „დარდანელის გმირს“, მსოფლიო რეკორდსმენსა და მსოფლიოს ათგზის ჩემპიონს, ჰენრი კუპრაშვილს, 80 წელი უსრულდება.
ჰენრი კუპრაშვილის ცხოვრების 80 წელი მეცნიერების, განათლების, ეროვნული საქმისა და სპორტის მრავალფეროვან სფეროებს აერთიანებს. მისი საქმიანობის მთავარი თავისებურება სწორედ ამ მიმართულებების ერთიანობაა – მეცნიერული აზრი, ეროვნული სულისკვეთება და ფიზიკური ნებისყოფა.
განსაკუთრებული ადგილი უკავია მის სპორტულ საქმიანობას. ჰენრი კუპრაშვილი არის მსოფლიოში სრუტეების ახალი წესით გადაცურვის ფუძემდებელი. არის მსოფლიო რეკორდსმენი და ათგზის მსოფლიო ჩემპიონი – მათ შორის სამგზის ბიატლსა და ტრიატლში და შვიდგზის ზამთრის ცურვაში. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში
პარაცურვას, მისი აღზრდილია პარაცურვის მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი - ნიკა თვაური. კუპრაშვილი ითვლება პირველ ქართველ საერთაშორისო მარათონელ მოცურავედ, არის ქართველებს შორის პირველი აისმენი (ICEMAN) და პირველი ოუშენმენი (OCEANMAN).
მისი სპორტული მიღწევებიდან განსაკუთრებით გამორჩეულია 2002 წლის 30 აგვისტოს დარდანელის სრუტის გადაცურვა „მხედრული კოლხურით“ – ოთხგან ხელფეხშეკრულმა 12 კმ. გაცურა 3 საათსა და 15 წუთში. ამ მიღწევამ ქართული ცურვის ისტორიული ტრადიცია საერთაშორისო სპორტულ სივრცეში წარმოაჩინა და საფუძველი მისცა ქართული ცურვის სახეობების პოპულარიზაციას. ამ გადაცურვის გამოძახილია მსოფლიო მასმედიის მიერ მისთვის შერქმეული თიკუნები „ადამიანი დელფინი“ (ტ/კომპანია სი-ენ-ენ-ი), „წყლის პრომეთე“, „დარდანელის გმირი“, „სრუტეთა მბრძანებელი“, „კაცი ლეგენდა“ და სხვ.
კუპრაშვილს 50 წელზე მეტი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება აქვს. იგი არის 5 მონოგრაფიის, 10 სახელმძღვანელოს, 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 400-ზე მეტი პუბლიცისტური სტატიის ავტორი. სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაზე წარდგენილი აქვს 150-ზე მეტი მოხსენება და სამეცნიერო ხელმძღვანელობა გაუწია 28 დოქტორანტს.
კუპრაშვილი იყო ავტორი და ხელმძღვანელი: ეროვნული უშიშროების საბჭოში 1996 წელს შექმნილი სტრატეგიული ანალიზისა და გლობალური მოდელირების ავტომატიზებული სისტემისა „დიდგორი“; იმავე აპარატში პოლიტიკურ მოვლენათა პოლიტომეტრიკული მეთოდით ანალიზისა და პროგნოზირების სისტემისა „აისი“; სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განხორციელებული მულტი და ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო პროექტისა „პოლიტიკა სამსჯავროზე“.
ჰენრი კუპრაშვილის ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ეროვნული მოძრაობაა. 1973 წელს იგი აირჩიეს ნახევრად არალეგალური „დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის“ თავმჯდომარედ. 1989-1991 წლებში იყო ერის ღირსების დამცველთა ასოციაცია „იმედის“ საწინამძღვროს წევრი; 1989-1992 წლებში – საქართველოს სახალხო ფრონტის დარბაზის წევრი; 1990 წლიდან – ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია „აიეტის“ თავმჯდომარე.
ჰენრი კუპრაშვილის საქმიანობა არაერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდოთია აღიარებული. მათ შორისაა, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი; „მხედრული მამაცობისათვის“ მედალი (საქართველო); „სამაგალითო სამსახურისთვის“ შინაგანი ჯარის მედალი (უკრაინა); ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების ოქროს მედალი (დიდი ბრიტანეთი), ასევე სხვა ჯილდოები და პრემიები. 2002 წელს გაზეთმა „ახალმა ეპოქამ“ იგი წლის ადამიანად დაასახელა.
80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჰენრი კუპრაშვილის საქმიანობას მისი კოლეგები, თანამოაზრეები და სპორტის სფეროს წარმომადგენლები აფასებენ.
ირაკლი მეძმარიაშვილი – საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე:
„ჰენრი კუპრაშვილის 80 წლის იუბილე მხოლოდ ერთი ადამიანის ასაკის აღნიშვნა არ არის. ეს არის ადამიანის ცხოვრების გზის შეფასება, რომელმაც მეცნიერება, განათლება, ეროვნული საქმე და სპორტი ერთმანეთთან დააკავშირა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი ქართული ცურვის ტრადიციის აღდგენაში. დარდანელის ისტორიული გადაცურვა, რა თქმა უნდა, მისი სპორტული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეპიზოდია, მაგრამ ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის კვალი, რომელიც მან ახალგაზრდებში დატოვა. ვფიქრობ, ჰენრი კუპრაშვილის ცხოვრება კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ემსახუროს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებას.“
ლავრენტი (ზურაბ) გუდავაძე – პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
„ჰენრი კუპრაშვილი გამორჩეული პიროვნებაა თავისი მრავალმხრივი საქმიანობით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
მისი ხანგრძლივი, 50 წელზე მეტი ხნის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა. იგი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მეცნიერება მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის მუდმივი ძიება, აზროვნებისა და გამოცდილების ახალგაზრდა თაობისთვის გადაცემის პროცესი. ამის დასტურია მის მიერ წარმატებით განხორციელებული ცნობილი სასწავლო-სამეცნიერო პროექტი „პოლიტიკა სამსჯავროზე“, რომელშიც ჩართული იყო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლისა და სკოლის მრავალი სტუდენტი და უფროსკლასელი. ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ აკადემიურ ცოდნას პრაქტიკულ აზროვნებასა და დისკუსიასთან აერთიანებდა. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩვენი უნივერსიტეტის სპორტული მიღწევების ყულაბაში საქართვლოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ჰენრი კუპრაშვილის მიერ მოპოვებული 10 ოქროს მედალიც არის. 80 წლის ასაკშიც მისი აქტიურობა, შემოქმედებითი ენერგია და ახალი იდეების განხორციელების სურვილი ნამდვილად დასაფასებელია.“
მაია აზარაშვილი – სეულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ევროპის „სპორტი ყველასათვის“ (UESpT) ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ პრეზიდენტი:
„ჰენრი კუპრაშვილის სპორტული გზა განსაკუთრებულია. იგი გარდა საერთაშორისო ასპარეზისა, აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ფედერაციის ეგიდით ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ მრავალფეროვან სპორტულ ღონისძიებებშიც და, როგორც მოქმედი გამორჩეული სპორტსმენი, არის ჩვენი ფედერაციის სტიპენდიანტი. კუპრაშვილი ასევე არის კეთილი ნების ელჩი ევროკომისიის ინიციატივის #BeActive („იყავი აქტიური“). მისი მიღწევები მხოლოდ მოპოვებული მედლებითა და რეკორდებით არ იზომება. მან შეძლო ქართული ცურვის სახეობებისთვის ყურადღების მიქცევა და დაამტკიცა, რომ ასაკი სპორტში ყოველთვის არ არის შემზღუდველი ფაქტორი. მისი მაგალითი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის – მიზანდასახულობა, შრომა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ადამიანს ნებისმიერ ასაკში აძლევს ახალი წარმატებების მიღწევის შესაძლებლობას.“
ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი“ უერთდება მილოცვას და ბატონ ჰენრი კუპრაშვილს – ქართველს, რომელმაც მსოფლიო ცურვის ისტორიაში შეიტანა უნიკალური წვლილი და სათავე დაუდო სრუტეების გადაცურვის სრულიად ახალ წესს – უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობას, დიდხანს სიცოცხლესა და კიდევ მრავალ წარმატებას!
ბატონი ჰენრის, 4 შვილის მამის, 8 შვილიშვილის პაპისა და 2 შვილთაშვილის ბაბუის გზა, არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანის ნებისყოფამ, შეუპოვრობამ და სამშობლოს სიყვარულმა შეუძლებელი შესაძლებლად აქციოს. მისი 80 წელი არის არა ცხოვრების ერთი ეტაპის დასასრული, არამედ იმ გზის გაგრძელება, რომელზეც ერთმანეთთან არის დაკავშირებული მეცნიერება, განათლება, ეროვნული თვითშეგნება და სპორტი.

