უცნაური და ჭირვეული, თუმცა უფრო ცხოვრების გამოცანა; რთულად გასაგები, მაგრამ ადვილად მისაღები. ბევრი რამით არის ის გამორჩეული ქართულ ხელოვნებაში და ამ იშვიათობას, უპირველესად, მისი პიროვნული ხასიათი განაპირობებდა: ღრმა ინდივიდუალიზმი, პრინციპულობა და ერთგულების სანთლით საძებნი უნარი. იცხოვრა თავისებურად, ისე, როგორც სწამდა; იქცეოდა თავისებურად, ზუსტად ისე, როგორც მიაჩნდა ადეკვატურად; უყვარდა მძაფრად და ადამიანურად.
მსახიობის "უცნაურობათა" გამიდან მხოლოდ სამს გამოვყოფ:
♦ ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რა რთულია სამსახურის დათმობა, მით უმეტეს - ქართველი ადამიანისთვის, რომელიც, უმრავლეს შემთხვევაში, სკამზე სიკვდილს ამჯობინებს. სესილია თაყაიშვილმა შექმნა იშვიათი პრეცედენტი: მან მაშინ მიატოვა თეატრი, მაშინ თქვა უარი სამსახიობო კარიერაზე, როდესაც დიდების ზენიტში იმყოფებოდა. ოლღა ბებიას როლის შემდეგ მას ქართულ თეატრში აღარ უთამაშია. არადა, იცოცხლა 78 წელი! 54 წლის ასაკში ითამაშა ბებია და გადაწყვიტა, რომ ეს იქნებოდა მისი უკანასკნელი როლი სცენაზე. არ მახსენდება სხვა მაგალითი, რომ მსახიობს (თუ ჯანმრთელობა არ უმტყუნებდა) ასეთ ასაკში უარი ეთქვას თამაშზე. სესილიამ შეძლო, გმირობის ტოლფასი პიროვნული მაგალითი მოეცა ჩვენთვის და უთქმელად განემარტა, რომ ცხოვრება არ მთავრდება პროფესიით; რომ მსახიობმა უნდა შეძლოს წერტილის დასმა და წავიდეს დიდების კვარცხლბეკზე მდგარი, რათა ასეთივე დარჩეს მაყურებლის ხსოვნაში.
ვინ იცის, როგორ უჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა - ცხოვრება მშობლიური თეატრის გარეშე, ანუ იმის გარეშე, რაც მისი არსებობის მთავარი აზრი და საზრისი იყო! ამ ქვეყნად, შემოქმედებითი აპოთეოზის დროს, პირველად გარდაცვალებამდე, სცენური სიცოცხლის დასასრულით შეხვდა სიკვდილს დიდი მსახიობი... მისი ეს მაგალითი ქართული საზოგადოებრივი კულტურის ის იშვიათი გამოვლენაა, რომლის სიღრმისეული გააზრება ჯერ კიდევ შეუძლებელია.
♦ სესილია თაყაიშვილმა პირადი მაგალითით აგვიხსნა სიყვარულის მნიშვნელობა - მიყვარხარ საკუთარ თავზე მეტად, შემიძლია მსხვერპლად შეგეწირო. ამის საბუთად ისიც გამოდგება, რომ 54 წლის ასაკში კბილები დაიძრო, რათა ზუსტად ისე ეთამაშა ბებიის როლი, როგორც წარმოედგინა! ამ ჟესტით მან გაგვიცხადა ფარული და დიდი სიყვარული საკუთარი პროფესიის მიმართ; გვითხრა, რომ მსახიობის ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს და, თუ შენი პროფესია მართლა გიყვარს, უყოყმანოდ უნდა გაიღო ეს მსხვერპლი. ალბათ, ძალიან გაჭირდება სათეატრო ხელოვნებაში თავდადების ასეთი მაგალითის მოძიება.
♦ სესილია თაყაიშვილმა საკუთარი ცხოვრებით გვიჩვენა უბრალოების დიდი მაგალითი - ის, რომ შესაძლოა იყო გენიალური, მაგრამ ცხოვრობდე რიგითი ადამიანის ცხოვრებით, ჩვეულებრივად, უხმაუროდ, თითქოს არაფერ განსაკუთრებულ მოვლენასთან არ გქონდეს საქმე. მსახიობმა უბრალოების ეს აკადემიზმი დაგვიდასტურა საკუთარი ანდერძითაც:
„ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვარ, არ მცილდება ნახველში სისხლი. უსაშველო ხველა, ვიხრჩვები... რა კარგია, კაცი რომ დიდი სიცხით არის ავად, გრძნობა ეკარგება და
კვდება. რა ცუდია, ყველაფერი გტკივა, დადიხარ ძლივს და არ კვდები. ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით! დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემ გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა. რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები! ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება! იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას. ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება...“
დავაკვირდეთ, ანდერძის მიხედვით, რა პრიორიტეტებს გამოყოფს დიდუბის პანთეონში კი არა, უყოყმანოდ მთაწმინდაზე ასაბრძანებელი დიდი მსახიობი: ა) თეატრიდან არ დამკრძალოთ; ბ) პანთეონის ნაცვლად საბურთალოს სასაფლაოზე ორი ადგილი (მარტო რომ არ იყოს); გ) ნუ დაღლით ხალხს, ვიყავი, ვშრომობდი, დასრულდა ჩემი ცხოვრება...
სიცოცხლის ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ინტერვიუში, ჟურნალისტ ლილი ფოფხაძის შეკითხვას, "რომ დაგბრუნებოდათ სიყმაწვილე, რას შეასწორებდით თქვენს შემოქმედებით ბიოგრაფიაში?", ასე უპასუხა: "ბევრ როლს ვითამაშებდი, უფრო მეტ სიხარულს მოვუტანდი ჩემს ხალხს, ჩემს მაყურებელს. მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრება ისე მოეწყო, რომ ვერ შევძელი მთელი სიცოცხლე შემეწირა ხელოვნებისათვის". ამ უარს თავისი მიზეზები ჰქონდა. ხასიათთან ერთად, გასათვალისწინებელია მის ნერვულ რიტმში გადატეხილი დამოკიდებულება პროფესიის მიმართ. ე.წ. ჭირვეულობის მიზეზიც აქედან მოდიოდა. მას ჰქონდა უმწვავესი პასუხისმგებლობა და როლის განცდის უმაღლესი კულტურა. ერთ ტელეინტერვიუში თავად განმარტა: "ადვილად ვერ ვთანხმდები ახალ როლს, რადგან სულ მიპყრობს შიში: ვაითუ, ვერ გავაკეთო ისე, როგორც მინდა. ამიტომ ხშირად მიხდება კონფლიქტი რეჟისორთან და ჩემს თავთანაც. ვღელავ, სრულიად მერღვევა სიმშვიდე, იწყება უძილო ღამეები, საშინლად ვნერვიულობ და განა ეს ჭირვეულობაა?!".
დიახ, ცოტას თამაშობდა, ოღონდ - მაღალმხატვრულ დონეზე! მართალია, როლების მიმართ სიხარბე მსახიობის თანდაყოლილი თვისებაა, მაგრამ სესილია თაყაიშვილმა შეძლო დაეძლია ეს ვნება და ხარისხი არ გაეცვალა პირადს სიამოვნებასა თუ პოპულარობის მახინჯ სინდრომში! და კიდევ ერთი: მან ზუსტად იცოდა თავისი ადგილიც და შესაძლებლობათა მაქსიმუმიც. როდესაც რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ მარჯანიშვილის თეატრში ფრიდრიხ დიურენმატის "მოხუცი ქალბატონის ვიზიტის" დადგმა გადაწყვიტა და მთავარ როლზე სესილია მიიწვია, მან უარი განაცხადა. თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძემ ჰკითხა: კი მაგრამ, რას უწუნებ ამ როლს, რატომ ამბობ უარსო? გასაოცარი იყო მსახიობის პასუხი: "ეს არაა ჩემი როლი! სიყვარულის თამაში სცენაზე მხოლოდ ვერიკოს შეუძლია!".
საოცარია, ერთ თეატრში გვერდიგვერდ ორი ლეგენდარული მსახიობი, რომლებიც სახელებით შემოინახა თეატრის ისტორიამ: ვერიკო და სესილია. ასევე, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ამ ორი ტალანტის კონტრასტი და შეჭიდება ფრიდრიხ შილერის "მარიამ სტიუარტში". სესილია თაყაიშვილი კონფლიქტების დინამიკაში შეიცნობდა სამყაროს, თითქოს ამ გზით უფრო ეზიარებოდა ჭეშმარიტებას. აშკარად იყო ამაში რაღაც პარადოქსულიც. თუმცა, არ ყოფილა არავითარი გამოვლენილი დაძაბულობა მასსა და ვერიკოს შორის. დღემდე ახსოვთ, "თქვენობით" როგორ მიმართავდა. ბევრისთვის აუხსნელი იყო სესილიას ასეთი განსაკუთრებული მოწიწება ვერიკო ანჯაფარიძის მიმართ, მით უმეტეს - მოხუცებულობის ჟამს. ჰკითხეს კიდეც: "თქვენობით" ახლა მაინც რატომ ესაუბრებითო? გაოცებულს უთქვამს: "როგორ, ვერ ხვდებით, რომ ვერიკო ძალიან დიდია?!".
გარდა ამისა, შეუძლებელია, სესილია თაყაიშვილი მადლიერი არ ყოფილიყო ვერიკო ანჯაფარიძისა: XX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც სტალინური რეჟიმი მძვინვარებდა და სასიკვდილოდ იმეტებდა "პარტიის გენერალური ხაზიდან" ოდნავ გადაცდომილებსაც კი, მარჯანიშვილის თეატრში, ერთ-ერთ რეპეტიციაზე სესილიამ საბედისწეროდ იხუმრა - პოლიტიკური ანეკდოტი თქვა. მეორე დღეს უშიშროების სამსახური (КГБ) მოვიდა თეატრში. შეყარეს დასი. სამარისებური სიჩუმე იდგა დარბაზში. შეკითხვა კონკრეტული იყო: ვინ იხუმრა პარტიაზე აგდებულად და შეურაცხმყოფლად? ყველასთვის მოულოდნელად ფეხზე წამოდგა ვერიკო ანჯაფარიძე: "მაპატიეთ, მე გავიხუმრე, აწი აღარ ვიზამ!"
ასე გადაარჩინა მან სესილია თაყაიშვილი სულ მცირე დაპატიმრებას!
1966 წელს ვერიკომ სესილიაზე დაწერა: "ყოვლის დამნახველი თვალი აქვს, მსახიობის შემოქმედების ყოველ კუნჭულში ჩამწვდომი; გემოვნება — უზადო და უცდომელი. ბევრი ვერ დაიკვეხნის ასეთ თვისებებს". 1979 წელს კი გაზეთ "ქართული თეატრის დღეში" დაიბეჭდა სესილია თაყაიშვილის ვრცელი წერილი, რომელშიც ვერიკო ანჯაფარიძეს 80 წლის იუბილეს ულოცავდა. მან გაიხსენა პირველი შეხვედრა დიდ მსახიობთან და დასძინა: „შემდეგ მეც მსახიობი გავხდი, ამხანაგად გაგიხდით. ბევრი სიხარული განგვიცდია, გაჭირვებაც ბევრი გვინახავს, ხელჩართული ბრძოლაც, ჩხუბს რომ ეძახიან, მაგრამ პირადი სიძულვილი არ ყოფილა არასოდეს! ეს იყო შემოქმედებითი შფოთი და მოუსვენრობა... რა მეგობრები ვიყავით, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი!".
ქართულ თეატრს არცთუ ჰქონია ასეთი ფუფუნება - ორი უმაღლესი რანგის მსახიობი ერთ თეატრში გვერდიგვერდ!
იყო რაღაც შემზარავი სესილია თაყაიშვილის ტალანტში. სხვაგვარად ვერ აიხსნება ის სიმაღლე, რომელსაც მან ასინეთას როლით მიაღწია ან მარადია ბებიას უხმო ტრაგიზმით გვაზიარა. თავად მსახიობი ასე ამბობდა: უსიტყვო ეპიზოდში თუ მოახერხე გარდასახვა, ეს განსაკუთრებული სიამოვნებააო. სამწუხაროდ, ვიდეოფირებს სრულად არ შემოუნახავს სცენაზე ნათამაშები მისი არცერთი როლი, მაგრამ ეს ვაკუუმი შეავსო კინომ. "ნატვრის ხის" ფინალური სცენა ნამდვილად არის მსოფლიო კინოხელოვნების შედევრი თავზარდამცემი მეტამორფოზის, სევდის, ტკივილისა და ტრაგიზმის გამოწვევით.
სესილიამ ქვეცნობიერი დაკვირვების, ანალიზისა და სახის გახსნის განსაკუთრებული უნარი გვიჩვენა. მისი ოლღა ბებია (ყველას ბებიად ქცეული!) ძალზე ნაცნობი და ახლობელი ადამიანის იდუმალი ბიოგრაფია იყო - თითქოს ყველაფერი გასაგები, მაგრამ მაინც ამოუცნობი და საიდუმლოებით მოცული. ამიტომაც აღიარეს ეს სახე შთაგონებისა და უმაღლესი სცენური მათემატიკის ჰარმონიად და ამიტომაც უწოდეს "ჯადოსნის შექმნილი" - ნ. ურუშაძე.
სცენის ამ ნამდვილი დიდოსტატისთვის არ არსებობდა წვრილმანი დეტალი. ყველაფერი როლის სრულყოფისთვის სჭირდებოდა, რადგან თავისი გმირებით (როგორც თვითონ იტყოდა) ცხოვრების ასლს კი არა, არსს გვიცოცხლებდა! მან კარგად იცოდა მსახიობის პროფესიის სირთულეც და საიდუმლოც. როდესაც ჰკითხეს, რას ურჩევდით იმ

ახალგაზრდებს, რომელთაც მსახიობობა სურთო, დაუფიქრებლად უპასუხა: „უარი თქვან ამ პროფესიაზე, ვინაიდან ყველას ადვილი და გასართობი ჰგონია; მაგრამ თუ უნარი აქვთ შრომის, აქვთ ნიჭი და გამძლეობა, მაშინ ვურჩევდი, შესულიყვნენ თეატრალურ ინსტიტუტში“. ძნელია მოიძებნოს ამაზე უფრო კომპეტენტური პასუხი, მსახიობის პროფესიის ყველა პარამეტრის გათვალისწინებით.
თანამედროვე ეგოცენტრულსა და კრიზისულ სამყაროს არ ესმის "არც ხმა იდუმალი და არც ბგერა ზეციური". სესილია თაყაიშვილის შემფასებელიცა და დამფასებელიც მომავალი საუკუნეების პირმშოა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პლანეტა დაიღლება ამდენი შურითა და ბოღმით, ამდენი სისასტიკითა და ძალადობით, და გამძაფრდება მოთხოვნა ჩუმი, უპრეტენზიო და უხმაურო ცხოვრების მიმართ მაშინაც კი, როდესაც ხარ უმაღლესი რანგის შემოქმედი.
სესილია თაყაიშვილი სინანულითა და ტკივილით შემოგვყურებს საუკუნის ხმაურში ჩანთქმულებს და გვიტოვებს საფიქრალს - იქნებ ოდესმე მაინც შევიცნოთ საკუთარი თავი და ის ჭეშმარიტება, რომელიც მან სამსახიობო ოსტატობის მწვერვალიდან დაგვანახვა და საკუთარი უბრალოებით შემოსილი მაღალი ადამიანობით სამუდამო ნიმუშად დაგვიტოვა.