ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას დამატებით 3.3 მილიარდ ევროს გამოუყოფს რაკეტებისა და დრონების შესაძენად და ახალი ერთობლივი თავდაცვითი პროექტების პროგრამის ამოქმედებასაც ამზადებს.
ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეიარაღების შესაძენად განკუთვნილი თანხა უკრაინას პარასკევს, 18 სექტემბერს, გადაეცემა.
ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, SAFE-ის მექანიზმში [„ევროპის უსაფრთხოების სამოქმედო მექანიზმი“] დარჩენილი თანხები გამოიყენოს ევროკავშირსა და უკრაინას შორის ერთობლივი თავდაცვითი პროექტების ახალი პროგრამის დასაწყებად. ინიციატივა მიზნად ისახავს უკრაინის საბრძოლო გამოცდილებისა და ევროპის ინდუსტრიული შესაძლებლობების გაერთიანებას.
„გასულ კვირას ჩვენ დავამტკიცეთ ევროკავშირის დაფინანსება Patriot-ის სისტემებისთვის უკრაინის მხარდაჭერის კრედიტის ფარგლებში. თუმცა, აშკარაა, რომ მეტი გვჭირდება.
ჩვენ გვინდა, ერთობლივად შევიმუშაოთ ევროპის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც ჩვენს ერთობლივ ანტიბალისტიკურ სისტემას Freya-ს დაეყრდნობა. ამგვარად შევძლებთ, უკრაინის საბრძოლო გამოცდილება და ინოვაციები ევროპის ტექნოლოგიებსა და სამრეწველო შესაძლებლობებთან გავაერთიანოთ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.