აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 8-10 ნოემბერს საფრანგეთს ეწვევა და „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუბიო კოლეგებთან მოლაპარაკებებისას აშშ-ის ინტერესებს დაიცავს.
შეხვედრა პარიზში 9-10 ნოემბერს გაიმართება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 ნოემბერს მინისტრები უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ცალკე სესიას გამართავენ, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰაც დაესწრება.
სესიის ფარგლებში განიხილავენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ფინანსურ დახმარებასა და ზამთრის წინ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერას.
გარდა ამისა, 9 ნოემბერს პარიზში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებული დამცავი თაღის აღდგენის საკითხზე დონორთა კონფერენცია გაიმართება. კონსტრუქცია 2025 წლის თებერვალში რუსეთის დრონით თავდასხმის შედეგად დაზიანდა. კონფერენციას საფრანგეთი, უკრაინა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ერთობლივ ორგანიზებას უწევენ.