შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. არჩევნებში უმრავლესობა მემარცხენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოიპოვეს.
ამის შესახებ შვედურ საზოგადოებრივ მაუწყებელ SVT იუწყება.
არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მალევე კრისტერსონმა პარლამენტის სპიკერს გადადგომის თხოვნით მიმართა.
„არჩევნების შედეგებმა შესაძლოა მომდევნო მთავრობის ფორმირებისთვის რთული პირობები შექმნას, რადგან არჩევნების დღემდე პარტიების მიერ გაკეთებულმა სხვადასხვა განცხადებებმა, შესაძლოა, ხელი შეუშალოს მთავრობისა და კოალიციების ფორმირების შესაძლო ვარიანტებს“, - განაცხადა კრისტერსონმა პარლამენტის სპიკერისთვის გაგზავნილ წერილში.
მისი თქმით, ისეთი პრემიერ-მინისტრის შესარჩევად, რომელსაც რიქსდაგი [შვედეთის პარლამენტი] მხარს დაუჭერს, პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების მხრიდან კონსტრუქციული და გახსნილი მიდგომაა საჭირო.
„იმისთვის, რომ ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყოს, ამ წერილით გთხოვთ, გამათავისუფლოთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან“, - წერს კრისტერსონი.
პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები თანამდებობებს ტოვებენ, თუმცა ახალ მთავრობამდე მოვალეობების შესრულებას განაგრძობენ.
„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა ება ბუშმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ახლა სწორედ პარლამენტის სპიკერმა უნდა დაიწყოს პროცესი ახალი მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო კანდიდატურის განსაზღვრის მიზნით.
შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა 176 მანდატი მოიპოვეს, ხოლო ამჟამად ხელისუფლებაში მყოფმა მემარჯვენე ბლოკმა - 173.