უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასა და ინდოქტრინაციასთან დაკავშირებული რუსეთის 27 რუსი ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ემზადება.
ამის შესახებ სიბიჰა X-ზე წერს.
„მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. ევროკავშირი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასა და ინდოქტრინაციასთან დაკავშირებული 27 რუსი ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ემზადება.
ლიეტუვამ 600 ათასი ევრო გამოყო უკრაინული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ბავშვების დაბრუნებასა და რეაბილიტაციაზე მუშაობენ. ახალი ზელანდია უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხზე მოქმედ საერთაშორისო კოალიციას 51-ე წევრის სტატუსით შეუერთდა“, - წერს სიბიჰა.
მისი ინფორმაციით, უკრაინა კანადასა და ნორვეგიასთან ერთად ტორონტოში საერთაშორისო კონფერენციის გამართვისთვის ემზადება. კონფერენცია უკრაინელი ბავშვების, უკანონოდ დაკავებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხებს დაეთმობა. უკრაინელი ბავშვების დაბრუნება კონფერენციის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ აგვისტოში უკრაინაში 103 ბავშვი დააბრუნეს, რის შედეგადაც დაბრუნებული ბავშვების საერთო რაოდენობამ 2 525-ს მიაღწია. თუმცა, მისი თქმით, სამუშაო ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან.
„უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია და იძულებით გადაადგილება დანაშაულია და რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, ეს ბავშვების ბედის საბოლოო განაჩენად აქციოს. ჩვენი მიზანია თითოეული უკრაინელი ბავშვის დაბრუნება და ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, ვინც ამაში მონაწილეობდა“, - განაცხადა სიბიჰამ.