უკრაინა ენერგეტიკული ზავის დასადებად მზად არის და რუსეთისგან შესაბამის წინადადებებს ელოდება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰეორჰი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა.
„უფრო მეტიც, უკრაინა თავად საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სთავაზობდა ასეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწესებას, რომელიც სამართლიანი უნდა იყოს და შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის ყველა აუცილებელ სფეროს მოიცავდეს. თუ რუსებიც მზად არიან ამისთვის სერიოზულად, წარმოადგინონ ობიექტების სიები, დააზუსტონ დეტალები. ჩვენ ამას ველოდებით“, - განაცხადა ტიხიმ.
მისი თქმით, რაც შეეხება უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს, სასურველია, შეთანხმება ითვალისწინებდეს პირობებს, რომლის მიხედვითაც არც ერთ ასეთ ობიექტზე ნებისმიერი ტიპის იარაღი არ იქნება გამოყენებული.
მისი თქმით, ასეთი ენერგეტიკული ზავის მიღწევაზე აშშ და სხვა ქვეყნები მუშაობენ, ამიტომ იმედი უნდა არსებობდეს, რომ ეს რუსეთის მხარესაც სურს.
ტიხიმ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის შესაძლო სამმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია არ არსებობს.
„არის ის სიგნალები, რომლებიც უკვე მოისმინეთ - მათ შორის, რუსეთის მხრიდანაც, სამმხრივი მოლაპარაკებების რაუნდის გამართვის ზოგადი მზადყოფნის შესახებ. უკრაინას ასეთი მოლაპარაკებებისთვის არასდროს შეუშლია ხელი. უბრალოდ, შეგახსენებთ ჩვენს პოზიციას: მთლიანობაში მიგვაჩნია, რომ ყველაზე ეფექტური ლიდერების დონეზე შეხვედრა იქნებოდა, რადგან რუსეთში ომისა და მშვიდობის საკითხებს მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს - ეს ვლადიმირ პუტინია. ამიტომ, თუ ლიდერების დონეზე შეხვედრა გაიმართება, უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის ნებისმიერი პლატფორმა და ნებისმიერი ნეიტრალური ქვეყანა გამოიყენოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს რუსეთი ან ბელარუსი. ვფიქრობ, ასეთ შეხვედრას ნამდვილად შეუძლია შედეგის მოტანა და იმ ომის დასრულება, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო და ამის შესახებ პუტინს ყველა ეუბნება“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.