ევროკავშირი კანადისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის შეთავაზებას გეგმავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი კანადასთან ურთიერთობის გაღრმავებაზე მუშაობას იწყებს და მიზნად ახალი ტიპის პარტნიორობის შექმნას ისახავს. მისი განცხადებით, კანადა და ევროკავშირი იზიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს და მსგავსად აფასებენ გლობალურ გამოწვევებს.
„ჩვენ კანადას ვთავაზობთ, რომ ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
„მარკ, ევროპასა და კანადას დემოკრატიის სჯერათ. მათ სჯერათ იმისა, რომ ძალაუფლება არ ეკუთვნის ყველაზე ძლიერს, ყველაზე მდიდარს და ყველაზე ხმამაღლა მოსაუბრეს, არამედ ის თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. დემოკრატიებს თავისუფლება აქვთ იმისა, რომ თავად აირჩიონ, თუ ვისთან ითანამშრომლონ. ასე რომ, ჩვენ ძალებს საკუთარი ნებით ვაერთიანებთ“, - მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის, რომელიც ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას ესწრება..
Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსი ამჟამად ევროკავშირის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, ასეთი ფორმატის შექმნას ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმება და ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება დასჭირდება.
განხილული პარტნიორობა შეიძლება მოიცავდეს თანამშრომლობის გაღრმავებას თავდაცვის, ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ენერგეტიკისა და კრიტიკული ნედლეულის სფეროებში, ასევე არქტიკაში ერთობლივ პროექტებს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ მანამდე განაცხადა, რომ ოტავა ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნას ისახავს მიზნად და ევროკავშირის სრულ წევრობას არ განიხილავს.