ტყის მავნე მწერების წინააღმდეგ ბიოლოგიური კონტროლის ეფექტიანი მეთოდების განვითარებისა და გამოყენების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კვლევას ახორციელებს. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მბეჭდავი ქერქიჭამიას ბიოლოგიური მტრის Thanasimus formicarius-ის გამრავლებისა და ბუნებაში გაშვების შესაძლებლობების შესწავლა.
კვლევის ფარგლებში, ცენტრის ანასეულის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიას თურქეთის რესპუბლიკის ქ. ართვინის ტყის რეგიონული სამმართველოს ბიოკონტროლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი იაშარ აკსუ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იგი ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს გაეცნო და ცენტრის სპეციალისტებთან ერთად Thanasimus formicarius-ის გამრავლებისა და ბიოკონტროლის მიზნით გამოყენების საკითხები განიხილა.
მბეჭდავი ქერქიჭამია ტყის ეკოსისტემებისთვის მნიშვნელოვანი მავნებელია, რომლის წინააღმდეგ ბიოლოგიური კონტროლის მეთოდების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტყეში ქიმიური საშუალებების გამოყენება დაუშვებელია. შესაბამისად, ბიოკონტროლის მეთოდების განვითარება მავნებლის მართვის ალტერნატიული და გარემოსთვის უსაფრთხო მიდგომების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, იაშარ აკსუმ ცენტრის სპეციალისტებს ბიოაგენტის გამრავლებისა და ბუნებაში წარმატებით დამკვიდრების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული რეკომენდაციები გაუზიარა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორივე ქვეყნისთვის პრობლემური მავნე მწერების წინააღმდეგ ბიოკონტროლის საშუალებების კვლევისა და გამოყენების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი კვლევების განხორციელების შესაძლებლობებზე.
ვიზიტის ფარგლებში ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ართვინის ბიოკონტროლის ლაბორატორიას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.