ნატო-ს გამანადგურებლებმა 15 სექტემბრის ღამეს ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შესული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
„დრონი, რომელიც ახლახან ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შემოვიდა, ნატო-ს გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს. მადლობას ვუხდი ალიანსის სამხედროებს სწრაფი რეაგირებისთვის“, - წერს ნაუსედა X-ზე.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერების ფონზე, რეგიონისთვის ნატო-ს ასეთი მზადყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად, ლიეტუვა საკუთარ საჰაერო სივრცეს დაიცავს“, - განაცხადა ნაუსედამ.
ლიეტუვის კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დრონი, სავარაუდოდ, ბელარუსის ტერიტორიიდან შევიდა და ქვეყნის სიღრმეში, კაუნასის მახლობლად ჩამოაგდეს. მისი წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
ინციდენტის გამო ლიეტუვის რამდენიმე რაიონში საჰაერო საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაიცა. ნატო-ს გამანადგურებლები შიაულიაის ავიაბაზიდან მოქმედებენ და ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცეში პატრულირებენ.
საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ ეს ინციდენტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში საჰაერო სივრცის დარღვევებთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების ფონზე მოხდა. ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები ლატვიასა და ესტონეთშიც დაფიქსირდა.