პოლიტიკურად არავის ვებრძვით და არ ვდევნით. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა. ალბათ პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებს და პოლიტიკაში გააგრძელებს საქმიანობას. მისი განცხადებები მხოლოდ სპეკულაციებია, რადგან ჩვენ არავის ვდევნით და არ ვაშანტაჟებთ, ეს ყველაფერი მხოლოდ მისი წარმოდგენებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეცდომაშია შესული. აქამდე გამოქვეყნებულ მის ნებისმიერ განცხადებაში იკითხება, რომ თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შინაარსისაა. ბრალი როცა წარუდგინეს, მაშინ თავად ითანამშრომლა და სასჯელს იხდის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან ზურგში დანის ჩარტყმა არ ხდება, გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა, სასჯელს სამართლებრივად იხდის. ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილსაც არ დევნის არავინ. ნებისმიერი მსჯავრდებული სასჯელს იხდის სამართლიანად. სხვებისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილს მის მიერ ჩადენილი დანაშაული აღიარებული აქვს. არ მჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ამ პროცესში ვინმე გაჰყვება, რადგან მისი განცხადებები სპეკულაციის საგანია. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ქულებს იწერს“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გუშინ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დაწერა: „ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ და აბსოლუტურად არაადეკვატურმა ქცევამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა. საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი“.