ბულგარეთში 25 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა, თუმცა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. შესაბამისად, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა, რომელშიც იოტოვა ყოფილ დროებით პრემიერ-მინისტრს, ანდრეი გიუროვს დაუპირისპირდება.
ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ოქმების 99.93%-ის დამუშავების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ილიანა იოტვამ ხმების 34.7% მიიღო, ანდრეი გიუროვმა კი – 32.0%. არჩევნებში მე-3 ადგილი კოსტადინ კოსტადინოვმა 12.6%-ით დაიკავა, მე-4 კი – რადოსტინ ვასილიოვმა 4.60%-ით.
მეორე ტური 1 ნოემბერს გაიმართება.
არჩევნებში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 22.5%-მა მიიღო.
საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთის ომი უკრაინაში და ბულგარეთის საგარეოპოლიტიკური კურსი იყო.
Reuters-ის ცნობით, იოტოვა, რომელსაც პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის მხარდაჭერა აქვს, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით დიპლომატიურ მოლაპარაკებებსა და მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ემხრობა. გიუროვი კი უკრაინის მხარდაჭერას და დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას უჭერს მხარს.