უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 20 აგვისტოს კიევსა და კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური იერიშის დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ფრთოსანი რაკეტების დაახლოებით 90% ჩამოაგდეს, თუმცა ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძოლა გაცილებით რთულია.
„დარტყმა კომბინირებული იყო: ბევრი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე დრონები. სამწუხაროდ, ამჟამად ყველაზე რთული ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძოლაა. თუ ამ დარტყმის დროს ჩამოგდებული ფრთოსანი რაკეტების რაოდენობამ დაახლოებით 90% შეადგინა, ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით ვითარება გაცილებით უარესია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის იერიშის შედეგად 200-ზე მეტი ობიექტი დაზიანდა, მათ შორის 86 საცხოვრებელი სახლი, ბავშვთა საავადმყოფო, სოციალური ინფრასტრუქტურისა და სავაჭრო ობიექტები.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმას შორ მანძილზე მოქმედი იარაღით უპასუხებს.
„ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ამ რუსულ დარტყმას, ისევე როგორც რუსეთის სხვა დარტყმებს - სამართლიანად და შორი მოქმედების იარაღით. უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი ძალები კიდევ უფრო მეტ რესურსს მიიღებენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.