რუსეთის ელჩი მიხაილ ევდოკიმოვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის დროს რუსულ მხარეს ეცნობა აზერბაიჯანული მხარის სერიოზული შეშფოთებისა და მკაცრი პროტესტის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ბოლო დროს რუსეთის ფედერაციის მედია-ინფორმაციულ სივრცეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის, აზერბაიჯანელი ხალხისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გაკეთებულ პროვოკაციულ, შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ განცხადებებთან.
კერძოდ, ყურადღება გამახვილდა 2026 წლის 13 აგვისტოს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გასულ გადაცემაში აზერბაიჯანის ხალხისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე.
„გარდა ამისა, რუსულ მხარეს შეახსენეს 7 აგვისტოს რადიო Sputnik-ზე გასული გადაცემა, სადაც გაკეთდა აბსურდული განცხადებები აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის „რუსეთის ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში“ შეყვანასთან დაკავშირებით“, ასევე 16 აგვისტოს Spas TV არხზე აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაკეთებული პროვოკაციული განცხადებები“, - აცხადებენ უწყებაში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიუღებელია აზერბაიჯანის სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში შესაძლო ჩარევის შესახებ დისკუსიები, ასევე აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობისკენ მოწოდებები.
„შეხვედრის დროს რუსულ მხარეს კიდევ ერთხელ გადავეცით ჩვენი მოლოდინი, რომ სასწრაფოდ და ეფექტიანად მიიღოს ზომები საინფორმაციო და მედია სივრცეში აზერბაიჯანის წინააღმდეგ პროვოკაციების, მუქარისა და ძალადობრივი რიტორიკის შესაჩერებლად“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.