ესპანეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების F-18 ტიპის გამანადგურებელმა, რომელიც რუმინეთის თავზე საჰაერო პატრულირებას ახორციელებდა, 16 აგვისტოს ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი უცნობი დრონი ჩამოაგდო.
ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კვირას, დაახლოებით 04:44 საათზე, უწყების სადამკვირვებლო სისტემებმა აღმოაჩინეს საჰაერო სამიზნე, რომელიც მოლდოვიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, ქალაქ გალაციდან დაახლოებით 24 კილომეტრში ჩრდილოეთით.
F-18 ტიპის ესპანურმა გამანადგურებელმა, რომელიც მიხაილ კოგელნიჩანუს 57-ე ავიაბაზაზე საბრძოლო პატრულირებას ახორციელებდა, სამიზნეს რადარით მიაგნო და მისი ჩამოგდების ნებართვა მიიღო.
გამანადგურებელმა დრონი 05:01 საათზე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოაგდო. სამიზნის ნამსხვრევების სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილი გალაცის ოლქში, ბელენისა და კუდალბის დასახლებებს შორის დაფიქსირდა.
ოლქში საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში დილის 5:20 საათზე გაუქმდა.
რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რადუ მირუცამ ესპანელ პილოტებსა და რუმინელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.
„რუმინეთი საკუთარ საჰაერო სივრცეს იცავს, ჩვენი მოკავშირეები კი ჩვენს გვერდით დგანან. სიფხიზლე, სწრაფი რეაგირება და მოკავშირეების სოლიდარობა ჩვენი უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიებია“, - დაწერა თავდაცვის მინისტრმა.