თურქეთმა ივლისში რუსეთის პორტებიდან ნავთობის შესყიდვები შეამცირა და აგვისტოში კიდევ უფრო შემცირებას გეგმავს მას შემდეგ, რაც უკრაინის დრონების თავდასხმებმა რუსეთის შავი ზღვის ტერმინალებიდან ექსპორტი შეაფერხა. ამის ესახებ Reuters წერს.
უკრაინამ ივლისში რუსეთის შავი ზღვის ტერმინალებზე თავდასხმები გაააქტიურა, რამაც კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ტერმინალიდან ნავთობის ექსპორტის ერთკვირიანი შეჩერება და ნოვოროსიისკის პორტიდან არასტაბილური გადაზიდვები გამოიწვია. შედეგად, CPC-ის ნავთობის ივლისის ექსპორტი 20%-ით შემცირდა.
თურქეთმა, რომელიც CPC-ისა და Urals-ის ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მყიდველია, ივლისში რუსეთის პორტებიდან დაახლოებით 900 ათასი ტონა ნავთობი მიიღო, მაშინ როცა ივნისში ეს მაჩვენებელი 1,2 მილიონი ტონა იყო. მათ შორის, შავი ზღვის გავლით მიღებულმა მოცულობამ 300 ათას ტონაზე ოდნავ მეტი შეადგინა, ივნისში კი - 600 ათასი ტონა.
აგვისტოში თურქეთი რუსეთის შავი ზღვის პორტებიდან დაახლოებით 200 ათას ტონა ნავთობს მიიღებს. მოსალოდნელი ორი ტანკერი ყაზახურ ნავთობს - KEBCO-ს გადაიტანს, მაშინ როცა ამ თვეში თურქეთში CPC Blend-ის ან Urals-ის ნავთობის მიწოდება დაგეგმილი არ არის. თუმცა, ეს მონაცემები მოგვიანებით შესაძლოა განახლდეს.
ტრეიდერების თქმით, თურქეთი მიწოდების წყაროების დივერსიფიცირებას ახდენს, რათა შავი ზღვის კრიზისის შედეგები შეამსუბუქოს. აგვისტოში ქვეყანა ნავთობის იშვიათ შესყიდვებს ბრაზილიიდან და გაიანიდანაც განახორციელებს.