იაპონია განიხილავს საპასუხო ზომების მიღებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კუნძულ იტურუპზე ვიზიტთან დაკავშირებით. ერთ-ერთი შესაძლო ზომა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამკაცრებაა. ამის შესახებ იაპონური მედია იუწყება.
პუტინი იტურუპს 13 აგვისტოს ეწვია. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო კურილის კუნძულებზე პრეზიდენტობის პერიოდში. რუსეთის პრეზიდენტმა მოინახულა თევზის გადამამუშავებელი კომბინატი „იასნი“ და შეხვდა სახალინის ოლქის გუბერნატორ ვალერი ლიმარენკოს. ერთი დღით ადრე პუტინი სამხრეთ სახალინს ეწვია წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების დასკვნით ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.
ვიზიტი იაპონიის ხელისუფლების პროტესტის მიზეზი გახდა. პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ იტურუპი და სხვა სადავო კუნძულები „ისტორიული ფაქტებისა და საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით იაპონიის უძველესი ტერიტორიაა“. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი „იაპონელი ხალხის გრძნობებს შეურაცხყოფს“ და „აბსოლუტურად მიუღებელია“. ტაკაიჩიმ ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტმა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ურთიერთობების აღდგენა კიდევ უფრო გაართულა.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტოკიოში რუსეთის ელჩი ნიკოლაი ნოზდრიოვი დაიბარა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოშიმიცუ მოტეგიმ მას პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით მკაცრი პროტესტი გამოუცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პუტინის იტურუპზე ვიზიტთან დაკავშირებით იაპონიის მთავრობის განცხადებებს „პოლიტიკურად არარელევანტური, შეურაცხმყოფელი და იურიდიულად უმნიშვნელო“ უწოდა. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ კურილის კუნძულები „იყო, არის და დარჩება რუსეთის ტერიტორიად“, ხოლო მათ, ვინც ამას ვერ აცნობიერებს, „საშინელი შედეგები“ ელოდებათ.
იაპონია პრეტენზიას აცხადებს ოთხ კუნძულზე - იტურუპზე, კუნაშირზე, შიკოტანსა და ჰაბომაის კუნძულების ჯგუფზე. ტოკიო მათ „ჩრდილოეთ ტერიტორიებს“ უწოდებს და საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. რუსეთი კუნძულებს აკონტროლებს და მათი კუთვნილების საკითხს დასრულებულად მიიჩნევს.
ტერიტორიული დავა ერთ-ერთ მიზეზად რჩება იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას სამშვიდობო ხელშეკრულება დღემდე არ გაუფორმებია.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. საპასუხოდ რუსეთმა განაცხადა, რომ იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარს ამბობდა. მოსკოვმა ასევე შეწყვიტა სამხრეთ კურილის კუნძულებზე ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ დიალოგი, ხოლო იაპონელებისთვის კუნძულების მონახულების გამარტივებული წესების შესახებ შეთანხმებაც გაუქმდა.