რუსეთის ქალაქ ორსკში ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინის მიერ 11 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მუშაობა სრულად შეაჩერა. საწარმოს აღდგენას შესაძლოა ექვს თვემდე დასჭირდეს.
ამის შესახებ Reuters ორენბურგის ოლქის გუბერნატორ ევგენი სოლნცევზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, დრონების ნამსხვრევებმა ქარხნის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დააზიანა, რომლის აღდგენა ამჟამად შეუძლებელია. ქარხანაში გამოყენებული მოწყობილობები იმპორტირებულია, რის გამოც სანქციების პირობებში რემონტს შესაძლოა ექვს თვემდე დასჭირდეს.
რეგიონის ხელისუფლება საწვავის სხვა ოლქებიდან შეტანისთვის ემზადება. ამ დროისთვის ადგილობრივი 287 ავტოგასამართი სადგურიდან 80% მუშაობს, სადაც პრიორიტეტი გადაუდებელი და სპეციალიზებული ტრანსპორტის მომსახურებას ენიჭება. ავტოგასამართ სადგურებთან ავტომობილების მოძრაობას პოლიცია და მოხალისეები არეგულირებენ.
ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ყაზახეთის საზღვართან, მოსკოვიდან დაახლოებით 1470 კილომეტრში სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. საწარმოს წელიწადში 6 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ბენზინს, დიზელს, საავიაციო საწვავს, მაზუთსა და ბიტუმს აწარმოებს.