12 აგვისტოს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე იერიში მიიტანეს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, აგრესორის ოთხმა სამხედრო ხომალდმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
გენშტაბის წინასწარი მონაცემებით, სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა რუსეთის ოთხი სამხედრო ხომალდი: პროექტ 11356-ის ორი ფრეგატი - „ადმირალი მაკაროვი“ და „ადმირალი ესენი“, პროექტ 21631-ის მცირე სარაკეტო ხომალდი „ბუიან-მ“ და პროექტ 22160-ის საპატრულო ხომალდი „ვასილი ბიკოვი“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ფრეგატები „ადმირალი ესენი“ და „ადმირალი მაკაროვი“ „კალიბრის“ ტიპის რაკეტების მატარებლები არიან.
ასევე დაზიანდა 30Н6Е ტიპის რადარი, რომელიც S-300-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის შემადგენელი ნაწილია, ნოვოროსიისკის პორტის №2 ნავმისადგომზე განთავსებული მობილური საცეცხლე ჯგუფი, „გრუშოვაიას“ ნავთობბაზის გვირაბის შესასვლელი - „შესხარისის“ ტერმინალში, ასევე №3, №6 და №7 ნავმისადგომების ინფრასტრუქტურა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ნოვოროსიისკის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე „პალიანიცას“ ტიპის დრონებითა და „ნეპტუნის“ რაკეტებით მიიტანა იერიში.