უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ 11 აგვისტოს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის ორენბურგის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ორსკნეფტეორგსინთეზზე“ დარტყმა განახორციელეს.
დარტყმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
„მიყენებული ზიანის მასშტაბები ზუსტდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: „ორსკნეფტეორგსინთეზი“ ორენბურგის ოლქის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და რუსეთის საწვავ-ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელოვანი საწარმოა.
ქარხნის სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 6 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებას შეადგენს. საწარმო აწარმოებს საავტომობილო ბენზინს, დიზელისა და საავიაციო საწვავს, მაზუთს, ბიტუმსა და სხვა ნავთობპროდუქტებს.