ამერიკული თავდაცვის კომპანიები Raytheon და Lockheed Martin შიშობენ, რომ უკრაინამ ლიცენზიის მიღების შემთხვევაში შესაძლოა Patriot-ის საზენიტო რაკეტები გააუმჯობესოს და მათი წარმოება აშშ-ზე სწრაფად და გაცილებით იაფად შეძლოს.
ამის შესახებ The Atlantic წერს.
გამოცემის ცნობით, Raytheon და Lockheed Martin უკრაინისთვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით საჯაროდ შეშფოთებას „ინტელექტუალური საკუთრების მოპარვისა და ტექნოლოგიების უნებართვო გადაცემის რისკებით“ ხსნიან.
თუმცა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ რეალური მიზეზი კონკურენციის შიშია. ამერიკელ მწარმოებლებს ეშინიათ, რომ „უკრაინელები Patriot-ის გაუმჯობესების გზას იპოვიან, შემდეგ კი მათ მასობრივად და აშშ-ში მოქმედ საწარმოო ხაზებზე გაცილებით იაფად აწარმოებენ“.
Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის რაკეტა-ჩამხშობების წარმოების ლიცენზიის საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში 28 ივლისს გამართულ შეხვედრაზე დააყენა. გრძელვადიან სალიცენზიო შეთანხმებასთან ერთად, უკრაინულმა მხარემ არსებული მარაგებიდან დაუყოვნებლივ „რამდენიმე ასეული“ რაკეტის გადაცემაც ითხოვა.
ტრამპმა რაკეტების გადაცემაზე უარი განაცხადა და მიზეზად აშშ-ის შეზღუდული მარაგები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ამერიკული პრიორიტეტები დაასახელა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მონაცემებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აშშ-მა ირანთან ომში Patriot-ის სისტემების საკუთარი მარაგების დაახლოებით ორი მესამედი გამოიყენა.
ზელენსკისთან შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში Patriot-ს „გამორჩეული იარაღი“ უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-მა „ფრთხილად უნდა შეარჩიოს, ვის მისცემს ლიცენზიას“.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც კი მასშტაბური წარმოების ამოქმედებას წლები დასჭირდება. გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინას შეეძლებოდა Patriot-ის რაკეტების ჭარბი რაოდენობით წარმოება აშშ-ის ან მისი მოკავშირეების საჭიროებისთვის, თუმცა სწორედ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლო მაღალეფექტიანობა იწვევს ამერიკელი იარაღის მწარმოებლების შეშფოთებას.
The Atlantic-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქვეყანა პირდაპირ დახმარებაზე სულ უფრო ნაკლებად ხდება დამოკიდებული. ამჟამად უკრაინა წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ დრონს აწარმოებს, მაშინ როდესაც აშშ-ში ეს მაჩვენებელი 100 ათასია.