სირიამ და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც რუსეთის სამხედრო ბაზების ერთობლივ სასწავლო ცენტრებად გარდაქმნას ითვალისწინებს.
ამის შესახებ სირიის სააგენტო SANA ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, შეთანხმება სირიის საგარეო საქმეთა და ემიგრანტთა საკითხების სამინისტროს ხელმძღვანელობით გამართული, წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგია. მემორანდუმი განსაზღვრავს რუსეთის ობიექტების სამომავლო სტატუსს ჰმეიმსა და ტარტუში.
მემორანდუმის თანახმად, სირია აიღებს კონტროლს სამოქალაქო გამოყენებისთვის განკუთვნილ ობიექტებზე, მათ შორის ჰმეიმის აეროპორტსა და ტარტუს პორტში მდებარე მეოთხე კომერციულ ნავმისადგომზე, რაც საშუალებას მისცემს მათ ეტაპობრივად ინტეგრირდნენ ქვეყნის სამოქალაქო ადმინისტრაციაში.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ იმ ობიექტების როლის გადახედვაზე, რომლებიც ამჟამად სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება: რუსეთის სამხედრო ბაზები ერთობლივ სასწავლო-საკვალიფიკაციო ცენტრებად გარდაიქმნება.
მემორანდუმი გარდამავალი პროცესის დასასრულებლად არაუმეტეს სამთვიან ვადას ადგენს, რის შემდეგაც ახალი შეთანხმებები ძალაში შევა.