უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბაშკორტოსტანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა სანქციებმა კიდევ ერთხელ იმუშავა და შეზღუდა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, რომლებსაც ის ომისა და უკრაინელების მკვლელობის დასაფინანსებლად იყენებს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა აგრესორის ობიექტებს ფრონტის ხაზიდან 1 300 კილომეტრზე მეტ მანძილზე დაარტყეს. ბაშკორტოსტანში დაზიანდა „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. იაროსლავლის ოლქში, ჩვენი საზღვრიდან თითქმის 700 კილომეტრის დაშორებით, დარტყმის ქვეშ მოექცა „სლავნეფტ-იანოსის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
რუსეთის აგრესიაზე ჩვენი პასუხები შავ ზღვაშიც წარმატებული აღმოჩნდა. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა ორ სამხედრო საპატრულო კატერზე და „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე.
მადლობას ვუხდი თავდაცვის ძალების ყველა მეომარს, რომლებიც სისტემურად აფართოებენ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებს და ამით დიპლომატიის შანსებს ზრდიან.
რუსეთმა მშვიდობა უნდა აირჩიოს", - წერს ზელენსკი.