6 აგვისტოს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკივის ოლქის ქალაქი ბალაკლეა დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.
ბალაკლეის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კარაბანოვის განცხადებით, პირველი დარტყმა კერძო საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რასაც ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მისივე ინფორმაციით, დარტყმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, მაშველები ნანგრევების გაწმენდით სამუშაოებს ამ დრომდე აგრძელებენ.
მეორე დარტყმა სხვა კერძო საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. ამ თავდასხმას კიდევ ორი ადამიანის - ქალისა და კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„მტრის დარტყმების ადგილებზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს“, - განაცხადა ბალაკლეის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.