5 აგვისტოს ღამით, რუსეთის ტულის ოლქის ქალაქ ალექსინში, დრონებით თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ უკრაინული Telegram-არხი Exilenova+, რუსული გამოცემა ASTRA იუწყებიან.
ASTRA-ს ცნობით, თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დარტყმის სამიზნე Wildberries-ის საწყობი გახდა.
კომპანიის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ ლოგისტიკურ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, თანამშრომლების ევაკუაცია დროულად განხორციელდა, ხოლო ახალი ტვირთების მიღება დროებით შეჩერდა და სხვა ლოგისტიკურ ცენტრებში გადამისამართდა.
ტულის ოლქის გუბერნატორის, დმიტრი მილიაევის, განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი Wildberries-ის დახარისხების ცენტრის ტერიტორიაზე ჩავარდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.
ტულის ოლქის გუბერნატორის, დმიტრი მილიაევის, განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
მისივე თქმით, ვენიოვის რაიონში დაზიანდა ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ნოვომოსკოვსკსა და უზლოვის რაიონში დაზიანდა ორი საწარმოო ობიექტი.
Exilenova+-ის ინფორმაციით, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრის ფართობი დაახლოებით 194,5 ათასი კვადრატული მეტრია. ობიექტი 2022 წელს გაიხსნა.
ცენტრი ემსახურებოდა მიწოდებებს ტულის, კალუგის, ორიოლის, ბრიანსკის, კურსკის, ლიპეცკის, რიაზანისა და ცენტრალური რუსეთის სხვა რეგიონებისთვის.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს მასშტაბური ხანძარი, რომელმაც კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა.
ამ დროისთვის დაზიანების ზუსტი მასშტაბები უცნობია.