სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ყველა რგოლზე ზეწოლა საბოლოოდ შეამცირებს ჩვენს ხალხზე თავდასხმების რაოდენობას - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს დაახლოებით 1900 დრონი, თითქმის 1600 მართვადი ავიაბომბი და 144 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური.
„ამ კვირაში დარტყმების ქვეშ ჩვენი 16 რეგიონი მოექცა. მხოლოდ ამ პერიოდში რუსებმა დაახლოებით 1900 დრონი, თითქმის 1600 ავიაბომბი და 144 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს, მათ შორის ბალისტიკურიც“, - წერს ზელენსკი Telegram-ზე.
მისი თქმით, დღეს სუმს ავიაბომბებით შეუტიეს. ბროვარიში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ექვსი კი დაშავდა. გრძელდება ხარკiივისა და ხარკივის ოლქის დაბომბვები, ღამით იერიშები განხორციელდა ასევე ოდესის, ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის ოლქებზე.
„ამ კვირაში დაზიანდა 1500-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის ასობით ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ამ თავდასხმებისთვის მუშაობს და აწარმოებს დრონების, რაკეტებისა და მართვადი ავიაბომბების კომპონენტებს, ამ დრომდე სანქციების ქვეშ არ არის.
„ამიტომ აგრესორი ახლა სულ უფრო მეტ რესურსს დებს ბალისტიკურ იარაღში და ცდილობს მისი წარმოების გაზრდას. აუცილებელია ზეწოლა განხორციელდეს თავდაცვის-სამრეწველო კომპლექსის ყველა რგოლზე. სწორედ ასეთი ზეწოლა საბოლოოდ შეამცირებს ჩვენს ხალხზე თავდასხმების რაოდენობას. სანქციები უნდა გაფართოვდეს და რეალურად ამოქმედდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.