უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ პოლონეთს უბრუნებს მისთვის მინიჭებულ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.
„სამწუხაროა, რომ ვარშავაში ემოციებმა გაიმარჯვა და პოლონელ პოლიტიკოსებს უბიძგა გაუმართლებელი, იმპულსური და უპატივცემულო ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც მიმართულია არა მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის, არამედ უპირველესად უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასეთი დაუფიქრებელი ქმედებების ფონზე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, შევინარჩუნო პოლონეთის რესპუბლიკის მიერ 2022 წლის ოქტომბერში ჩემთვის მინიჭებული მაღალი სახელმწიფო ჯილდო - ორდენი „პოლონეთის წინაშე დამსახურებისთვის“- ვარსკვლავიანი კომანდორის ჯვარი. უახლოეს პერიოდში მას პოლონეთს დავუბრუნებ,“ - დაწერა სიბიჰამ.
მისი თქმით, საქმე ორდენებს არ ეხება, არამედ ურთიერთდამოკიდებულებასა და პატივისცემას.
„უკრაინა ყოველთვის ემხრობოდა ურთიერთპატივისცემის პრინციპს, მაშინაც კი, როდესაც რთულ და მტკივნეულ საკითხებზე ვსაუბრობდით. ეს გულისხმობს, რომ პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს მაშინაც კი, როცა მათ არ ვეთანხმებით. როგორც ამბობენ, ‘ვეთანხმებით, რომ არ დავეთანხმოთ’. ჩვენ არასოდეს გვსურდა ეს კონფლიქტი. პირიქით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით უთანხმოებების მოგვარებაზე, ისტორიული საკითხების დეპოლიტიზაციაზე, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის განბლოკვაზე, პოლონური მხარის მოთხოვნით საძიებო-ექსჰუმაციური სამუშაოებისა და გადამარხვის პროცესების აღდგენაზე, ასევე ისტორიკოსთა კონგრესის საქმიანობის განახლებაზე. ამ გზაზე ბევრს მივაღწიეთ. ამჟამადაც მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები ჰუტა-პენიაცკაში, რომლის ჩატარებაც პოლონურმა მხარემ ითხოვა,“ - აღნიშნა სიბიჰამ.
სიბიჰას თქმით, ამ ყველაფრის ფონზე არსებული დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება კონტრპროდუქტიულია და ეს არც უკრაინელებს სჭირდებათ და არც პოლონელებს.
„სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილებების ძიების ნაცვლად პოლონურმა მხარემ არჩია ეს დაძაბულობა მიუღებელ და არაპროპორციულ დონემდე აეყვანა. ვერც ერთი სხვა ქვეყნის პრეზიდენტი არ გვიკარნახებს, როგორი უნდა იყოს ჩვენი ისტორია,“ - განაცხადა სიბიგამ.
მან იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და პოლონელი მეგობრები დაუბრუნდებიან თანასწორ დიალოგს, რომელიც შეესაბამება ორი ქვეყნის მოკავშირეობრივ ურთიერთობებს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მათ საერთო მოწინააღმდეგე მოსკოვში ჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ. ამის მიზეზად მან დაასახელა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „უპა-ს გმირების“ სახელის მინიჭება.
მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ზელენსკის პოლონეთის შეურაცხყოფის განზრახვა არ ჰქონია, როდესაც უკრაინულ ქვედანაყოფს „უპა-ს გმირების“ სახელი მიენიჭა, თუმცა, მისი შეფასებით, უკრაინულ მხარეს ამ საკითხში მეტი სიფრთხილე და მგრძნობელობა მართებს.